პოლიტიკოსები და მკვლევრები — თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი — ირანთან დაკავშირებული განცხადებების გამო სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ხიდაშელისთვის, სანიკიძისთვის და კანდელაკისთვის უცნობია, კონკრეტულად რას ედავებიან, თუმცა მზად არიან, სუს-ის ნაცვლად, მაგისტრ მოსამართლესთან გამოიკითხონ.

სუს-ში „ნეტგაზეთის“ ზარებს არ უპასუხეს, თუმცა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადეს, რომ „ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ, საჯაროდ, არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით“.

„ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია“, — ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

სუს-ის თანახმად, დაწყებულია გამოძიება და „განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ, გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ”.

ცოტა ხნის წინ, თინა ხიდაშელის ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეამ” გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ეხება ქართულ-ირანული ურთიერთობების ტენდენციებს. კვლევაში საუბარია ირანული ნავთობის იმპორტიორ კომპანიებსა და მათ კავშირებზე საქართველოში, მათ შორის, საჯარო და პოლიტიკური თანამდებობის პირებთან. კვლევის მიხედვით, 2022-2025 წლებში საქართველოში რეგისტრირებულმა 72-მა კომპანიამ ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა. აღნიშნული კომპანიებიდან ნაწილი დაკავშირებულია „ქართული ოცნების” შემომწირველებთან, მათ შორის პარლამენტის წევრებთან.

ხიდაშელის ორგანიზაციის კვლევის საფუძველზე, ამერიკულ გამოცემა The Hills-ში გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „საქართველო ირანისთვის სანქციებისგან თავის არიდების ცენტრად იქცევა”.

თბილისის მერმა კახა კალაძემ თინა ხიდაშელი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა და თქვა, რომ მისი განცხადებებით „შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ“.

კალაძის გარდა, ხიდაშელი გააკრიტიკა „ქართული ოცნების” კიდევ ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ. მან ყურადღება გაამახვილა ხიდაშელის განცხადებაზე, რომელიც ეხება გარდაბანში მოქმედი ირანულ სასწავლებელს, ე.წ. ალი-მუსტაფას უნივერსიტეტს. ხიდაშელის თქმით, ეს არის აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული სასწავლების ერთგვარი ფილიალი, რომელიც საქართველოში არალეგალურად ფუნქციონირებს. ვოლსკის თქმით, გარდაბანში მოქმედი დაწესებულება არის 100 კვადრატული ფართობის სივრცე, სადაც ახალგაზრდები ყურანს სწავლობენ. ვოლსკის შეფასებით, ხიდაშელის განცხადება არა მხოლოდ სიცრუე, არამედ დანაშაულიცაა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ გამოძიების დაწყება მოითხოვა ჰადსონის ინსტიტუტის კვლევასთან დაკავშირებითაც, რომლის თანაავტორია გიორგი კანდელაკი.

ეს კვლევა, თინა ხიდაშელის „სამოქალაქო იდეის” კვლევის მსგავსად, საქართველოში ირანის გავლენებს ეხება. ორივე შემთხვევაში ირანული კომპანიებისა და გავლენების შესახებ აკადემიურ კვლევას კალაძე ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობად აფასებს და აცხადებს, რომ კვლევის ავტორთა საქმიანობით „შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ”.

განახლება: სუს-ში გამოკითხვაზე იბარებენ ოპოზიციონერ პოლიტიკოს გივი თარგამაძესაც.

სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ თანახმად, „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ სუს-ში განაცხადეს: „გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

„ტვ პირველის“ ცნობით, გივი თარგამაძე საზღვარგარეთ იმყოფება — ამის შესახებ ტელეკომპანიას თარგამაძის ოჯახის წევრმა განუცხადა.

გივი თარგამაძის გამოკითხვაზე დაბარება სავარაუდოდ უკავშირდება მის განცხადებას, რომელსაც  აქტიურად ტირაჟირებენ სამთავრობო მედიასაშუალებები, რომ „რეალურად ვართ ჰაბი, სადაც შეიძლება ტერორისტების მომზადება, სანქციებისთვის გვერდის ავლა, ფულის გათეთრება“.

 

ამ თემაზე:

კალაძე პირდაპირი მნიშვნელობით მემუქრება, თუმცა ამის არ მეშინია – ხიდაშელი

კალაძე ითხოვს, ამჯერად ჰადსონის ინსტიტუტის კვლევის ავტორთა საქმიანობით დაინტერესდეს გამოძიება