ახალი ამბები

ვგმობთ სანიკიძის მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას — ენმ

24 მარტი, 2023 • 1048
ვგმობთ სანიკიძის მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას — ენმ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ეხმაურება პარლამენტში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც “ქართული ოცნების” დეპუტატები გუბაზ სანიკიძეს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მომხდარს წინ უძღოდა პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის გამოსვლა, რომლის დროსაც ღარიბაშვილმა დეპუტატ გუბაზ სანიკიძეს „სულგაყიდული“, „არაკაცი“ და „მოღალატე“ უწოდა. ღარიბაშვილის განცხადებას სანიკიძის მხრიდან დაგინება მოჰყვა.

“დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა მოღალატე, შეშინებული, ძალადობრივი რუსული ოცნების სახე. რუსულ ოცნებას არანაირი მენტალური და მორალური რესურსი აღარ დარჩა, რომ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გარეშე მოუსმინოს განსხვავებულ აზრს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გმობს გუბაზ სანიკიძეზე განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ეს შემთხვევა არის რუსული ოცნების ძალმომრეობითი პოლიტიკის ნაწილი”, — აღნიშნავს ენმ 24 მარტის საღამოს გავრცელებულ განცხადებაში.

ენმ-ის თქმით, მმართველი პარტია “მხოლოდ ღია ძალადობაზე დგას” და ლეგიტიმაცია “სრულად აქვს დაკარგული”.

“7-10 მარტის მოვლენებმა კარგად აჩვენა, ვის აქვს რეალური ძალა ამ ქვეყანაში”, — დასძენს ოპოზიციური პარტია, მიანიშნებს რა “რუსული კანონის” წინააღმდეგ გამართულ ფართომასშტაბიან აქციებზე თბილისში.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოუწოდებს მოქალაქეებს, შეუერთდნენ აქციას, რომელსაც პარტია 9 აპრილს გეგმავს ევროკავშირის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის მიცემული 12 რეკომენდაციის შესრულების მოთხოვნით.

ამავე თემაზე:

„ოცნების“ დეპუტატები გუბაზ სანიკიძეს პარლამენტის ფოიეში დაუპირისპირდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი