ახალი ამბები

მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც ჩემი დაბრუნების საკითხს აყენებს – სააკაშვილი

3 ნოემბერი, 2020 • 1715
მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც ჩემი დაბრუნების საკითხს აყენებს – სააკაშვილი

„ნაციონალური მოძროაბის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მადლიერია იმ ხალხის, ვინც მისი დაბრუნების საკითხს აყენებს და თუ ოპოზიციური ერთობა ჩათვლის, რომ საჭიროა მისი საქართველოში დაბრუნება, ასეც მოიქცევა. თუმცა „ეს არ უნდა იყოს რაიმე განხეთქილების თემა“.

2 ნოემბერს „მთავარი არხის“ ეთერში, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, სააკაშვილის დაბრუნების საკითხზე ნიკა მელია და გუბაზ სანიკიძე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

მელია-სანიკიძის დაპირისპირება

დაპირისპირება მოჰყვა გუბაზ სანიკიძის ნათქვამს, რომლის თანახმადაც ოპოზიციის მარცხის მიზეზი იყო ის, რომ „ჩვენ, ქართულმა [პოლიიტკურმა ელიტამ] ვერ ვივარგეთ“ და დადგა დრო, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდეს ქვეყანაში:

„არცერთი ჩვენგანის არ ეშინია ბიძინას… ბიძინა ივანიშვილს ეშინია ერთადერთი კაცის დედამიწაზე, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. არ დადგა დრო, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდეს და ჩაერთოს ამ საკითხში? … რვა წელია ვეჯაჯგურებით ბიძინას. უფრო სწორად, მე ოთხი წელი, თქვენ რვა, უმრავლესობა თქვენგანი, ნაწილი ჩემსავითაა. რვა წელია ვეჯაჯგურებით, ვერაფერი ვერ ვუქენით“, – თქვა სანიკიძემ, რომელიც 2012 წელს „ქართული ოცნების“ გუნდში იყო.

სანიკიძეს ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გააწყვეტინა საუბარი და თქვა: „რა ვქნათ, რა გინდა? ომში ვართ და რა დროს ოპოზიციაში [ხინჯის შემოტანაა]? შენ, გუბაზ სანიკიძე კი არა, ანზორ მელიაც [ნიკა მელიას მამა] რომ იყოს, ვისაც შემოაქვს ხინჯი ოპოზიციურ პარტიებს შორის, არის მიუღებელი ჩემთვის. შენ ახლა რასაც აკეთებ, შემოგაქვს ხინჯი“.

ამაზე პასუხად სანიკიძემ გაიმეორა, „თქვენი არ ეშინია ბიძინას“, რის შემდეგაც მელიამ სანიკიძეს „მოგზავნილი“ და „უნამუსო“ უწოდა. ამაზე სანიკიძე წამოდგა და კამათი ასე გაგრძელდა:

სანიკიძე: „რა არის, რა დაგაკომპლექსათ ამ მიშა სააკაშვილმა, რა გეშინია სუყველას. მიდით და გააკეთეთ საქმე, თუ აკეთებთ“.

მელია: „ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს მიშა სააკაშვილთან. არავინ ერთობის მომხრე ისე, როგორც არის მიხეილ სააკაშვილი, არ არის“…

სანიკიძე: „მოიცა, მე ერთობა ჩავშალე, ხალხო“?

მელია: „იქცევი, როგორც პროვოკატორი, რა გინდა, ვერ გავიგე. არ გვინდა შენთან საუბარი. შენ გამოდიხარ ყველაზე პატრიოტი ადამიანი და დანარჩენი ჩვენ ვართ… ვის უნახავს შენი ბრძოლა? ხან აქეთა ხან, ხან იქით…“

ამის შემდეგ წამყვანმა, ნიკა გვარამიამ სცადა ვითარების განმუხტვა, თუმცა, უშედეგოდ და სანიკიძემ საუბარი გააგრძელა:

„დავიღალე რა, და დაიღალა ეს ხალხი. კონკრეტული უთხარი ამ ხალხს. და ამიხსენი შენ, მე რომ მიხეილ სააკაშვილი ვახსენე, რატომ იშლება ეს [ოპოზიციური] გაერთიანება? ერთობა რატომ იშლება მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლით“?

„ბიძინას თამაშს ახლა თამაშობ შენ. უნამუსო, შენა. უნამუსო ხარ მართლა. ამხელა კაცი ხარ, სად რა უნდა თქვა, ეგ უნდა იცოდე“, – უთხრა მელიამ.

კამათი კიდევ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რომლის დროსაც ნიკა მელიამ სანიკიძეს ჰკითხა, „გუშინ სად იომე, რომელ იარაღს შეუშვირე შუბლი, რა გააკეთე“, რაზეც სანიკიძემ უპასუხა: „ნიკა, ოფისიდან არ გამოსულხარ მთელი დღე არჩევნების დღეს“.

ამის შემდეგ მელიამ შეიგინა და მიკროფონი დააგდო. საბოლოოდ მელიაც წამოდგა და სანიკიძეს უთხრა: „ხან ბიძინას აქებ, ხან მიშას აქებ, ხვალ პეტრეს შეაქებ, პავლეს შესაქებ. მიშაზე დიდი მიშისტი ხარ და ჩვენ ვართ ქვეყნის მტრები“?

რამდენიმე წამში ნიკა მელია სტუდიიდან გავიდა და მას გუბაზ სანიკიძე გაჰყვა სიტყვებით: „ნიკა, მოდი ერთი წუთით, დავილაპარაკოთ“; ისინი კამერაში აღარ ჩანდნენ, თუმცა გაისმა ყვირილის ხმა, რის შემდაგაც ნიკა გვარამიამ დაცვას სთხოვა, ჩარეულიყვნენ. მოგვიანებით ნიკა მელია ეთერში დაბრუნდა.

სააკაშვილის გამოხმაურება

ამ ეთერიდან ცოტა ხანში მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე დაწერა: „მე საქართველოში ვერ ვბრუნდები არა იმიტომ, რომ რომელიმე ოპოზიციის წევრს არ სურს დავბრუნდე, არამედ იმის გამო, რომ ვიმყოფები პოლიტიკურ დევნილობაში არსებული დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ, რომელმაც ამ დღეებში ქართველ ერს მოჰპარა თავისუფალი არჩევანის უფლება“.

სააკაშვილს მიაჩნია, რომ „დანაშაულებრივი რეჟიმის“ წინააღმდეგ ყველა ოპოზიციური პარტიის ერთობა არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი პიროვნების ბედი, „თუნდაც ეს იყოს ჩემი მოკრძალებული პიროვნება“.

„მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც ჩემი დაბრუნების საკითხს აყენებს, რა თქმა უნდა, ჩემთვის უმძიმესია მრავალწლიანი განშორება სამშობლოსთან და ჩემთვის სამშობლოს მიწაზე ფეხის დადგმა ეს არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რომელიმე თანამდებობა ან ნებისმიერი პოლიტიკური როლი. მე არ მივისწრაფვი რაიმე ექსკლუზიური როლისთვის, მე ვარ ერთ-ერთი თანასწორთა შორის“, – წერს იგი.

სააკაშვილის თქმით, „ახლა ყველანი უნდა ვკონცენტრირდეთ ოლიგარქის მიერ ჩატარებული მანიპულაციების წინააღმდეგ, რადგან ეს უსამართლობა არ შერჩეს ივანიშვილს“.

„აქვე ვიტყვი, თუ ქართული ოპოზიციური ერთობა ჩათვლის, რომ ივანიშვილის დასამარცხებლად ჩემი ჩამოსვლა იქნება ერთ-ერთი იარაღი, გარწმუნებთ, ვიპოვი საშუალებას საქართველოში შემოღწევის და ვერანაირი წინაღობა ამ სურვილს ხელს ვერ შეუშლის. ჩემი უსაფრთხოება მეასეხარისხოვანია მაშინ, როცა სამშობლოს ვკარგავთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რაიმე განხეთქილების ან უთანხმოების თემა. მაშინ როდესაც უკვე მიღწეულია უმნიშვნელოვანესი შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს შორის“.

მასალების გადაბეჭდვის წესი