სამართალი

გადავწყვიტე, ღარიბაშვილს ცილისწამებისთვის ვუჩივლო – სანიკიძე

27 მარტი, 2023 • 6669
გადავწყვიტე, ღარიბაშვილს ცილისწამებისთვის ვუჩივლო – სანიკიძე

პარლამენტის წევრის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, აპირებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცილისწამებისთვის უჩივლოს. ამის შესახებ მან 26 მარტს „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

სანიკიძის თქმით, იცის, რომ წინააღმდეგობები შეხვდება, თუმცა ამისთვის მზადაა.

სანიკიძე საუბრობს პატივისა და ღირსების შელახვის თაობაზე სამოქალაქო დავის შესახებ.

„მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მას ვუჩივლო სასამართლოში. მან ცილი დამწამა, რომ მე 100 000 დოლარი მაქვს აღებული „ნაციონალური მოძრაობისგან“. ღარიბაშვილს მოუწევს ამის დამტკიცება. ხომ მიდის ახლა [განხილვა], ვის შეეწერა ჩემი სიტყვები. თუ ვერ დაამტკიცებს, ირაკლი ღარიბაშვილი ისტორიაში შევა როგორც ირაკლი შეწერილი.

ვერ დაადასტურებს, იმიტომ, რომ რაც ბუნებაში არ ყოფილა, რა უნდა დაადასტუროს? მე ვიცი, რომ ლომის ხახაში ვყოფ თავს, მე ვიცი, რომ მექნება ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა, მათ შორის სასამართლოსგანაც, იქნება საშინელი მოწოლა და სიბინძურეები ჩემ წინააღმდეგ, ბიბლიური მასშტაბის საშინელებებს ჩაიდენენ, მაგრამ მზად ვარ ამისთვის. მხარს მიჭერენ ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამოაზრეები და, რაც მთავარია, უბრალო ადამიანები. ძალიან დიდი თანადგომა მივიღე“, – განაცხადა სანიკიძემ.

24 მარტს, პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციისას, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ გუბაზ სანიკიძეს „ნაციონალური მოძრაობისგან“ 100 000 დოლარი აქვს აღებული, რის შემდეგაც სანიკიძემ „დაიგინა“. ამის შემდეგ სხდომათა დარბაზიდან გასულ სანიკიძეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი