ახალი ამბებისამართალი

ავალდებულებს თუ არა “ოცნება” მელიას ამნისტიაზე დათანხმებას ან უარის თქმას

5 მაისი, 2021 • 2747
ავალდებულებს თუ არა “ოცნება” მელიას ამნისტიაზე დათანხმებას ან უარის თქმას

“ქართული ოცნების” მიერ მომზადებული ამნისტიის კანონპროექტით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ოპოზიციის შეფასებით, ამნისტიის კანონპროექტის ასეთი ფორმულირება ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიას დილემის წინაშე დაყენებას ემსახურება, რათა მელიამ, რომელიც 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ამნისტიას არ ეთანხმება, ციხე მისთვის მისაღები გზით ვერ დატოვოს. მმართველი გუნდის განმარტებით კი, პროექტი ითვალისწინებს არა წინასწარ თანხმობას, არამედ ამნისტიაზე უარის თქმის მექანიზმს, რაც თანხვედრაშია სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებასთან.

კანონპროექტში ამნისტიაზე უარის ჩანაწერის სანახავად ჩამოშალეთ აქ:
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.  

პირის მიმართ, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, სამართალწარმოება გრძელდება. ეს პირი სარგებლობს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასამართლოს განაჩენი გამოაქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის დაუცველად, სასჯელის დანიშვნით. აღნიშნული განაჩენი საჩივრდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად.  პირს, რომლის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, უფლება აქვს ნებისმიერ დროს გამოიხმოს თავისი უარი ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე. თუ აღნიშნული უარი გამოხმობილი იქნა:

  • სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, სასჯელისაგან და პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას უახლოეს სხდომაზე იღებს შესაბამისი სასამართლო;
  • სამართალწარმოების დასრულების შემდეგ, სასჯელისაგან და პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო

“მოსაზრება, თითქოსდა ამნისტიის კანონპროექტის რომელიმე დებულება გამიზნულია ვინმეს პატიმრობაში დასატოვებლად, სინამდვილეს არ შეეფერება”, — ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

ვინმეში იგულისხმება ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია, რომლის პატიმრობიდან გათავისუფლების მექანიზმებად აღკვეთის ღონისძიების შეცვლა ან ამნისტია რჩება. როგორც ცნობილია, ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზე სამართლამდაცველებისა და საჯარო მოხელეების ამნისტიის წინააღმდეგია. 26 აპრილს გავრცელებულ წერილში  მელია აცხადებდა, რომ 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში დათანხმდებოდა ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს. გირაოთი გათავისუფლების შემთხვევაშიც, ნიკა მელიას შეეხება ამნისტია, თუ ეს უკანასკნელი მის გამოყენებაზე უარს არ იტყვის.

“ქართული ოცნების” პროექტში ყველაფერი მოსალოდნელი იყო, გარდა თანხმობის მექანიზმისა. ყველას გვესმის, რატომაც ჩაიდო ის და შემოგვაპარა სიახლე, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტის პათოსს. ამაზე გვექნება მსჯელობა და დარწმუნებული ვარ, ამასაც გადავლახავთ. მოუწევთ ისეთი კანონის მიღება, რომელიც არ ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს. ზოგადად, ნებისმიერ პიროვნებას, ვისაც ეხება ამნისტიის კანონი, ვერავინ წაართმევს გასაჩივრების უფლებას. ეს არის სპეკულაციური მუხლი, რომელიც იმდენად აბსურდულია, ბოლოს შეიძლება თვითონ ამოიღონ სიცილით, ხომ გალაპარაკეთ 2 კვირა ამ თემაზეო”, — განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

ამნისტიაზე უარის თქმის მექანიზმის კანონპროექტით განსაზღვრა კრიზისის განმუხტვის თაობაზე შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება “რეპუბლიკური პარტიის” ლიდერის, ხათუნა სამნიძის აზრითაც. მისი თქმით, მოლაპარაკებებზე არ ყოფილა საუბარი, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტია მხოლოდ იმას უნდა შეხებოდა, ვინც უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

“ეს არის წარმოუდგენელი, რაც გამოქვეყნების შემდეგ ვნახე. ჯერ ერთი, საერთოდ არ იყო ამაზე საუბარი არცერთ შეხვედრაზე. საუბარი იყო, როგორი სტანდარტია ყველა ამნისტიის დროს, როდესაც ამნისტია გამოიცემა. თუ რომელიმეს, ვისაც ამნისტია შეეხება, ამაზე აქვს წინააღმდეგობა, შეუძლია გაასაჩივროს, უარი თქვას ამნისტიაზე და დაელოდოს სასამართლოს და მსჯავრს, იბრძოლოს სასამართლოში. მე იმედი მაქვს, რომ ამ ნაწილში ჩვენ შევძლებთ „ქართული ოცნების“ დარწმუნებას, სხვა შემთხვევაში, მე დარწმუნებული ვარ, ამ ნაწილში ჩვენი მედიატორების განცხადებები იქნება აქტიური, იმიტომ, რომ ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ხელშეკრულების ჩანაწერს. ეს ჩანაწერი იმდენად წინააღმდეგობაშია ხელშეკრულებასთან, რომ მე დარწმუნებული ვარ, მედიატორები ამაზე მოახდენენ რეაგირებას”, — განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

თუმცა მედიატორმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა პარლამენტში ინიცირებული ამნისტიის ორი კანონპროექტის შეფასებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა. მან მხოლოდ პოზიციების დასაახლოებლად პარლამენტში მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე არ იზიარებს შეფასებას, რომ “ქართული ოცნების” კანონპროექტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დოკუმენტის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. მისი განმარტებით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ სჭირდება თანხმობის გაცხადება მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

“თუ პირი აქტიურად უარს არ იტყვის ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე, მაშინ მის მიმართ გავრცელდება. რა არის აქ ჩიხის მომასწავებელი, ჩემთვის გაუგებარია. საუბარია იმაზე, რომ თუ ადამიანს აქვს სურვილი, რომ ის იქნას განსჯილი და მიმართავს საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს, რომ მის მიმართ ამნისტია არ გავრცელდეს, ეს დაკმაყოფილდება. მე ვფიქრობ, პირიქით რომ ყოფილიყო ფორმულირებული და თანხმობის მიუხედავად ამნისტია გავრცელებული, მაშინ იქნებოდა საპრეტენზიო”, — ამბობს სარჯველაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი “ნეტგაზეთთან” განმარტავს, რომ ამნისტია წინასწარი თანხმობის გარეშე შეეხება ყველას, ხოლო თუ ვინმეს სურვილი აქვს, შუეძლია ამნისტიაზე უარი განაცხადოს, ისევე როგორც საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე საკუთარი უარი უკან გაიხმოს.

ბრალდებულის მიერ ამნისტიაზე უარის თქმის პროცედურა კანონპროექტში გაწერილი არ არის.

“განცხადებას დაწერს, ალბათ. ტექნიკურ დეტალებს რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენ თანხმობას არ ვთხოვთ მას, ვისზეც ამნისტია უნდა გავრცელდეს. ამნისტია ავტომატურად გავრცელდება ყველაზე, მაგრამ ეს არის საერთაშორისო პრინციპი, რომ თუ ადამიანს არ უნდა, რომ ამნისტია გავრცელდეს და ითხოვს სასამართლო გაგრძელდეს, ეს მისი უფლებაა. ანუ თანხმობას კი არ ვთხოვთ ნიკა მელიას ან ვინმეს, არამედ უარს თუ იტყვის, ამ შემთხვევაში არ გავრცელდება მასზე ამნისტია. თუ ადამიანს უნდა ციხეში იყოს, ამის უფლებაც გარანტირებულია”, — ამბობს მაჭარაშვილი.

სხვა ამნისტიათა პრაქტიკა

როგორც ადამიანის უფლებათა კონვენციის, ისე საქართველოს კანონმდებლობით, ყველა ადამიანს აქვს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება. რაც შეეხება ამნისტიას, მას პარლამენტი აცხადებს ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ. ამნისტიის აქტით დამნაშავე შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ხოლო მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელისაგან ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. სასჯელმოხდილს ამნისტიის აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა. ეს და სხვა საკითხები ამნისტიის შესახებ თითოეულ აქტში განსხვავებულად რეგულირდება.

ამნისტიაში დაზარალებულის (და არა ბრალდებულის/მსჯავრდებულის) თანხმობის მექანიზმი ჩადებული იყო საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ბოლო ამნისტიის აქტში, რომელიც გარკვეული კატეგორიის ნარკოდანაშაულს შეეხო, ასევე, ყველაზე მასშტაბურ ამნისტიაში, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამოაცხადა. ზემოაღნიშნული ამნისტიის აქტები ითვალისწინებდა ამნისტირებული პირის უფლებას გადაწყვეტილების ერთჯერადად გასაჩივრების შესახებ.

“სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოები ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის საკითხებზე საპროცესო გადაწყვეტილებებს იღებენ ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის თანხმობის გარეშე”, — ასეთი ჩანაწერი კი გვხვდება 2007 და 2008 წელს მიღებულ კანონებში ამნისტიის შესახებ.

“პირს ისედაც და ასედაც, – როგორიც არ უნდა იყოს კანონის ფორმულირება — აქვს უფლება ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით, ნაცვლად ამნისტიის გავრცელებისა. ჩვენს პროექტში ჩადებულ დებულება გულისხმობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი კონკრეტულ პირს აღმოაჩნდება სურვილი, უარი განაცხადოს ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე, ამის შესაძლებლობა მინიჭებული აქვს. წინა ამნისტიებში, მიუხედავად იმისა, საგანგებოდ ეწერა ამის შესახებ თუ არ ეწერა, ეს, რასაკვირველია, იგულისხმებოდა”, — განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ, ავტორმა ნარკოდანაშაულის შესახებ ამნისტიის კანონისა, რომელშიც ამნისტიაზე უარის თქმის უფლებაზე არ ეწერა.

ამნისტიაზე უარის თქმის ან თანხმობის შესახებ ჩანაწერი არ ფიგურირებს ოპოზიციის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში.

საქართველოს პარლამენტი ამნისტიის შესახებ ორი — ფრაქცია “ქართული ოცნების” და დეპუტატ შალვა შავგულიძის მიერ ინიცირებულ — კანონპროექტის განხილვას მომავალი კვირიდან დაიწყებს.

ამ თემაზე:

გაითხოვეთ ამნისტია და დავთანხმდები EU-ს შემოთავაზებულ გირაოს — მელია

მასალების გადაბეჭდვის წესი