აზერბაიჯანული სატელეკომუნიკაციო კომპანია AzerTelecom აცხადებს, რომ სომხურ ოპერატორ Telecom Armenia-სთან შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც სომხეთის მიმართულებით საერთაშორისო ინტერნეტტრაფიკის ტრანზიტი კომპანიის ინფრასტრუქტურის საშუალებით განხორციელდება.
კომპანიის ინფორმაციით, შეთანხმება მიზნად ისახავს რეგიონში ინტერნეტკავშირის მარშრუტების დივერსიფიკაციას, სატელეკომუნიკაციო ქსელების მდგრადობის გაძლიერებასა და ტელეკომუნიკაციების სფეროში რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას.
AzerTelecom-ის განმარტებით, ახალი მარშრუტები ინტერნეტ-მომსახურების საიმედოობას გაზრდის და შესაძლო ტექნიკური შეფერხებების შემთხვევაში ალტერნატიული კავშირის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.
კომპანია აღნიშნავს, რომ ეს შეთანხმება ბოლო თვეებში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის განხორციელებული ეკონომიკური თანამშრომლობის ერთ-ერთი პროექტია.
AzerTelecom-ის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მანამდე დაიწყო აზერბაიჯანიდან სომხეთში დიზელის საწვავისა და საავტომობილო ბენზინის ექსპორტი, ხოლო რუსეთიდან და ყაზახეთიდან სომხეთში გაგზავნილი მარცვლეულისა და სასუქის ნაწილის ტრანზიტი აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით განხორციელდა.
კომპანიის ცნობით, აღნიშნული თანამშრომლობა ემსახურება რეგიონული კავშირების გაძლიერებასა და ინფრასტრუქტურული ურთიერთქმედების გაფართოებას.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
