“თქვენ მე ბევრი გისმინეთ. თუ გაინტერესებთ სასამართლოს შეფასება, ამ შეფასებას ვაკეთებ ახლა”, – ეს განცხადება 4 ოქტომბრის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გააკეთა დღეს, 22 ივნისს, სანამ 8 ბრალდებული მიმართ მის მიერვე გამოტანილ განაჩენს გამოაცხადებდა და ყველა მათგანს 5-წლიან პატიმრობაში გაუშვებდა.

“იქნებ ახლა მაინც გავიაზროთ და გავიგოთ, რა არის შავი და რა არის თეთრი”, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.

მან 4 ოქტომბრის მოვლენები ამგვარად აღწერა: თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობდა მშვიდობიანი აქცია, თუმცა შემდეგ იქ გაკეთდა გარკვეული განცხადებები და მოწოდებები, რომლებიც არა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, არამედ ამავე საქმის სხვა ფიგურანტებმა გააკეთეს.

“მოგიწოდეს რა? რომ პრეზიდენტის სასახლესთან გადავინაცვლოთ და იქ უკვე მამაკაცური ძალის გამოყენებით და აი, ამ ქმედებების, რაც ბრალის ფორმულირებაში არის აღწერილი, რაც ასევე ვიდეოჩანაწერებში ვნახეთ…”, – განაცხადა მოსამართლემ და დასძინა, რომ სასამართლო არ იკვლევს იმას, კონკრეტული ბრალდებულები როგორი ადამიანები არიან, არიან თუ არა ისინი პატიოსანი ადამიანები და ა.შ. მისი თქმით, სასამართლოში ირკვევა ის ბრალდება, რასაც მათ პროკურატურა უყენებს, არის თუ არა სიმართლე.

“პატიოსნებას ჩვენ არ განვიხილავთ. ჩვენ განვიხილავთ ბრალდებულების მიერ ჩადენილ ქმედებას, რომელიც ბრალდების ფორმულირებაშია და ადასტურებს თუ არა ეს დანაშაულს”.

ამის შედეგ მოსამართლემ დასვა შეკითხვა, ის რაც ჩვენ პრეზიდენტის სასახლესთან კადრებში ვნახეთ, მშვიდობიანი აქციაა? და თავადვე უპასუხა იმ არგუმენტების მოხმობით, რომ ამ აქციაზე საბოლოო ჯამში არაერთი პოლიციელი დაზარალდა, ზოგიერთი მათგანი მოსამართლის მტკიცებით დაიჭრა კიდეც.

“მშვიდობიანია აქცია იყო თავისუფლების მოედანზე. თავისუფლების მოედანზე არც ერთი ადამიანი არ დაუკავებიათ სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებს”, – თქვა მოსამართლემ და დაამატა, რომ მას შემდეგ, რაც თავისუფლების მოედანზე გაჟღერებული გეგმის შესაბამისად ადამიანებმა პრეზიდენტის სასახლესთან გადაინაცვლეს, იქ მათ მხრიდან განხორციელდა ძალადობა სხვადასხვა საგნის გამოყენებით.

მოსამართლის შეფასებით, პრეზიდენტის სასახლესთან მისულები მოქმედებდნენ “კაცური ძალის გამორჩევის” თაობაზე თავისუფლების მოედანზე მოსმენილი გეგმის მიხედვით. მან ასევე ცალკე ისაუბრა ღობის საკითხზე.

“ახლა რაც შეეხება ღობესთან დაკავშირებით. მოვისმინეთ არაერთი ვერსია და თეორია. ღობე საერთოდ რომ არ ყოფილიყო, იქ შესვლის უფლება არავის აქვს, თუ საშვი არ აქვს, თუ მოწვეული არ არის, თუ იქ მიპატიჟებული არ არის”, – განაცხადა მოსამართლემ და დასძინა, რომ ბრალის თვალსაზრისით ღობის საკითხი ბევრს არაფერს ცვლის, რადგან ღობის თუ მის გარეშე არავის აქვს უფლება შევარდეს პრეზიდენტის სასახლეში.

მისივე თქმით, გამოსაყოფია ზოგიერთი ბრალდებულის განცხადება, რომ მათ წიწაკის სპრეი შეასხეს. მოსამართლის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ძალადობრივი ქმედებების წინა ხაზზე იმყოფებოდნენ. ასევე მოსამართლის თქმით, აქციის მონაწილეები უშლიდნენ მედიას ხელს გადაღებაში, რაც ასევე მიანიშნებს ბრალის სისწორეზე.

“აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდების მხარემ დაადასტურა ბრალდება”, – განაცხადა მოსამართლემ და განაჩენი გამოუცხადა ზურა ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს.

ზურა ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდა, რისი სურვილიც მან დღეს გამოხატა, მოსამართლემ აღნიშნა, რომ ეს სურვილი მას მანამდე უნდა გამოეხატა.

  • ზურა ჭავჭანიძე — პატიმრობა 5 წლით
  • ვლადიმერ გველესიანი — პატიმრობა 5 წლით
  • ამირან დოლიშვილი — პატიმრობა 5 წლით
  • ანტონ ვარდანიძე — პატიმრობა 5 წლით
  • ალექსანდრე ჩილაჩავა — პატიმრობა 5 წლით
  • გენადი კუპრეიშვილი — პატიმრობა 5 წლით
  • სულხან ტუღუში — პატიმრობა 5 წლით
  • რამაზ მამულაძე — პატიმრობა 5 წლით