ახალი ამბები

ამნისტია ბრალდებულის თანხმობით — “ოცნების” კანონპროექტი

4 მაისი, 2021 • 1210
ამნისტია ბრალდებულის თანხმობით — “ოცნების” კანონპროექტი

“ქართული ოცნების” მიერ მომზადებული ამნისტიის კანონპროექტით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

კანონპროექტით, ამნისტია არ გავრცელდება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ გამონაკლის მუხლებზე:

  • 117-ე მუხლი — ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება;
  • 144-ის პრიმა მუხლები — წამება, წამების მუქარა და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა.

ამნისტია ასევე გავრცელდება დანაშაულის მომზადებაზე ან მცდელობაზე და პირობით მსჯავრზე. ამნისტია ითვალისწინებს ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებასაც, თუ ჯარიმა კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ არის გადახდილი.  

ბრალდებულის მიერ ამნისტიაზე უარის თქმის პროცედურა კანონპროექტში გაწერილი არ არის.

პარლამენტში ამნისტიის შესახებ შეტანილია ორი კანონპროექტი: ფრაქცია “ქართული ოცნების” და დეპუტატ შალვა შავგულიძის ავტორობით. ფრაქცია “ქართული ოცნების” კანონპროექტისგან განსხვავებით, ოპოზიციის პროექტით ამნისტია ეხება მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის ორ მუხლს:

  • 225-ე მუხლის პირველი ან/და მე-2 ნაწილი — 1. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა და 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში მონაწილეობა (ამ მუხლით ბრალდებულები არიან 20 ივნისის აქციის მონაწილეები).
  • 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი — სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით — გარდა იმ პირისა, რომელსაც აღნიშნული ქმედება ჩადენილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს.

ამასთან, 333-ე მუხლით ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირებზე ამნისტია ვრცელდება დაზარალებულის ნოტარიალურად დამოწმებული წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.

გაითხოვეთ ამნისტია და დავთანხმდები EU-ს შემოთავაზებულ გირაოს — მელია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიატორობით მომზადებული დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას ითვალისწინებს. დოკუმენტზე ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

დოკუმენტში ნახსენებ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხში იგულისხმება ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები. რურუა პრეზიდენტმა შეიწყალა, ნიკა მელიას გათავისუფლების მექანიზმებად კი რჩება აღკვეთის ღონისძიების შეცვლა ან ამნისტია. როგორც ცნობილია, ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზე სამართლამდაცველებისა და საჯარო მოხელეების ამნისტიის წინააღმდეგია. 26 აპრილს გავრცელებულ წერილში ნიკა მელია აცხადებდა, რომ 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში დასთანხმდებოდა ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ადვოკატები არ პასუხობენ კითხვას, თანახმაა თუ არა მელია გირაოს გადახდაზე.

5 გარემოება, რომელიც მელიას დაპატიმრების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს

მასალების გადაბეჭდვის წესი