ახალი ამბები

ოპოზიციამ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა

28 აპრილი, 2021 •
ოპოზიციამ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა

ოპოზიციამ პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა.

დეპუტატ შალვა შავგულიძის განცხადებით, კანონპროექტი ითვალისწინებს 20 ივნისის საქმეზე არსებული ბრალდებების ამნისტირებას როგორც პოლიციის თანამშრომლების, ისე აქციის მონაწილეების მიმართ.

20 ივნისის მოვლენებზე ბრალდებულები არიან შემდეგი მუხლებით:

  • 225-ე მუხლის ორივე ნაწილი: 1. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა და 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში მონაწილეობა (ამ მუხლით ბრალდებულები არიან 20 ივნისის აქციის მონაწილეები).
  • 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი — სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით (ამ მუხლით ბრალდებულია 3 პოლიციელი).

შავგულიძის თქმით, ოპოზიციის კანონპროექტი არის კონკრეტული და განჭვრეტადი, განსხვავებით ხელისუფლების ვერსიისა, რომელიც ითვალისწინებს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ყველა ჰიპოთეტური დანაშაულის ამნისტირებას.

“ხელისუფლებას რჩება შეუზღუდავი უფლებამოსილება, რა ქმედებებზე გაავრცელებს მომავალში ამნისტიას და რა ქმედებებზე — არა. ყველა წარდგენილი ბრალდება უნდა ეპატიოს აქციის მონაწილეებსაც და პოლიციელებსაც. ჩვენი კანონპროექტი, ასევე, ითვალისწინებს ორ მნიშვნელოვან დათქმას: ვრცელდება პოლიციელებზეც, მაგრამ იმ დათქმით, რომ არ გავრცელდება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე და პოლიციელების მიმართ გავრცელდება მხოლოდ მათ საქმეებზე დაზარალებულად ცნობილი პირების თანხმობით”, – განაცხადა შავგულიძემ.

მისი თქმით, ერთი შეხედვით შეიძლება გაჩნდეს განცდა, რომ აქციის მონაწილეთა მიმართ თუ არ არის საჭირო დაზარალებულად ცნობილი პოლიციელების თანხმობა, რატომ უნდა იყოს ასეთი დათქმა პოლიციელების მიმართ, თუმცა მიღებული სტანდარტია.

“არ შეიძლება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფო მოხელისა და მოქალაქის მიმართ მიდგომა ერთნაირი იყოს. პოლიციელების უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ, ამ აქციის აღკვეთის დროს საპოლიციო ღონისძიებები ისე განეხორციელებინათ, დანაშაული არ ჩაედინათ. ეს სტანდარტი გაზიარებულია “ოცნების” მიერ, ვინაიდან როდესაც “ოცნება” 2012 წელს მოვიდა ხელისუფლებაში, ხანდაზმულობის ვადა სახელმწიფო მოხელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გაიზარდა”, — განაცხადა შავგულიძემ.


ამნისტიის შესახებ პარლამენტში შესულია ორი დამოუკიდებელი კანონპროექტი. მმართველი გუნდის კანონპროექტით, ამნისტია შეეხება 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დანაშაულს, მათ შორის, რომელიც მომავალში გამოვლინდება, გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლისა (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 144-ე პრიმა ტერცია მუხლებისა, რაც წამებას ითვალისწინებს.

გაითხოვეთ ამნისტია და დავთანხმდები EU-ს შემოთავაზებულ გირაოს — მელია

მასალების გადაბეჭდვის წესი