ახალი ამბები

“რიონის ხეობის მცველებმა” ქუთაისის ცენტრალური გამზირი გადაკეტეს[LIVE]

24 აპრილი, 2021 • 634
“რიონის ხეობის მცველებმა” ქუთაისის ცენტრალური გამზირი გადაკეტეს[LIVE]

“რიონის ხეობის მცველებმა” და მათმა მხარდამჭერებმა ქუთაისის ცენტრალური გამზირი გადაკეტეს. აქ მათ სოფელ გუმათიდან გადმოინაცვლეს მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებს არ მისცა სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების საშუალება.

“ეს იქნება გამაფრთხილებელი გადაკეტვა. ამის შემდეგ თუ არ იქნება გათვალისწინებული ჩვენი მოთხოვნები, დავაორგანიზებთ სხვადასხვა ადგილზე პიკეტირებებს მუდმივ რეჟიმში. ამის შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ 23 მაისის აქციამდე და უკვე თბილისში დაიწყება პერმანენტული აქციები. სანამ ჩვენ არ მივიღებთ შედეგს, ვიქნებით მანამ იქ”, —თქვა აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა.

“რიონის ხეობის მცველებმა” და მათმა მხარდამჭერებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობაც მოაწყვეს.
[
განახლებული აქციები მოჰყვა მთავრობისმიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ის დასძენს, რომ  “ნამახვანჰესის” მშენებელი კომპანია “ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში”.

ამავე განცხადების თანახმად, “საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონის ფარგლებში პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ”.

ტექსტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრმა კომპანია “ენკასთან” დადებული ხელშეკრულების შესწავლა იუსტიციის სამინისტროს დაავალა. ამასთან, იუსტიციის სამინისტრომ უნდა იქირაოს საერთაშორისო იურიდიული კომპანია, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.

აქტივისტებმა მთავრობის ეს პოზიცია მალევე შეაფასეს მათი მოთხოვნების შეუსრულებლობად. მათ თქვეს, რომ 23 მაისს საპროტესტო აქციები თბილისშიც დაიწყება.

რა ხდებოდა მანამდე?

რიონის ხეობაში ვითარება აპრილის დასაწყისში, მას შემდეგ დაიძაბა, რაც სოფელ ნამოხვანში კომპანია “ენკამ”  ნამახვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა. პროექტის მოწინააღმდეგე აქტივისტების(“რიონის ხეობის მცველების) პროტესტის ფონზე, პოლიციამ ხეობაში გადაადგილება შეზღუდა, შემდეგ კი დაშალა კარვები, რომლებშიც აქტივისტები თვეების განმავლობაში მორიგეობდნენ.

მას შემდეგ, რაც ნამოხვანისკენ მოძრაობა შეიზღუდა, პროტესტმა სოფელ გუმათთან გადაინაცვლა. “რიონის ხეობის მცველებმა” და მათმა მხარდამჭერებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. პროცესს თან ახლდა პოლიციის წინააღმდეგობა და დაკავებები. ნამოხვანისკენ მიმავალი გზაზე, რომელიც იქამდეც ჩაკეტილი იყო, რკინის ბარიერები განალაგეს.

ხეობაში არსებული დაძაბულობის ფონზე, 16 აპრილს ქუთაისში ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენლებს შეხვდნენ.”რიონის ხეობის მცველებმა 3 მოთხოვნა წარუდგინეს სახელმწიფოს:

შეწყდეს ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები, მოიხსნას გადაადგილების შეზღუდვა და მიეცეთ “რიონის ხეობის მცველებს” სოფელ ნამახვანში დაბრუნების, ასევე, ადგილზე კარვებით პროტესტის გაგრძელების საშუალება.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მაშინ თქვეს, რომ აქტივისტების მოთხოვნებზე საპასუხოდ რამდენიმე დღე იყო საჭირო. ერთადერთი, რაც ხეობაში ხსენებული შეხვედრის შემდეგ შეიცვალა, გუმათის გზაზე განლაგებული რკინის ბარიერების რაოდენობაა: ის მცირედით შემცირდა, თუმცა გადაადგილება ხეობაში უწინდებურად შეზღუდულია.

პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ

არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტი თუ აქტივისტი ამბობს, რომ “ნამახვანჰესის” პროექტი მნიშვნელოვან კითხვის ნიშნებს აჩენს, მათი ნაწილის შეფასებით კი, ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა, რასაც ოპონენტი მხარე უარყოფს. 

მიუხედავად მთავრობის განცხადებისა, რომ ეს ჰესი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას წაადგება, კრიტიკოსი ორგანიზაციები ამბობენ, რომ  ელექტროენერგიის ეს საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია.

ადგილობრივი აქტივისტები რამდენიმე თვის განმავლობაში, სოფელ ნამოხვანში, კარვებში მორიგეობდნენ და ამ ფორმით ეწინააღმდეგებოდნენ დაგეგმილ მშენებლობას. გაიმართა რამდენიმე ხალხმრავალი აქცია ქუთაისშიც. პროტესტის ფონზე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჰესის სამშნებელო სამუშაოები 9-12 თვის მანძილზე არ იწარმოებს.

გასულ კვირას სახელმწიფომ თქვა, რომ “ნამახვანჰესის” პროექტის “დახვეწის” მიზნით ქმნის ექსპერტთა საბჭოს, რომელსაც ხსენებულ პროექტთან დაკავშირებით გასულ წლებში ჩატარებულ ყველა კვლევას გადასცემენ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საბჭოს შემადგენლობაში ელიან ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტების წარმომადგენლებს და უშუალოდ მათ, თუ ამის სურვილი ექნებათ.

“რიონის ხეობის მცველები” სკეპტიკურად უყურებენ აღნიშნულ იდეას და ამბობენ, რომ უპირველესად, მათი პრეტენზიები მიემართება შინაარსს იმ კონტრაქტისა, რომელიც სახელმწიფოსა და ჰესის მშენებელ კომპანიას შორის დაიდო

მასალების გადაბეჭდვის წესი