ახალი ამბები

მთავრობა ავრცელებს პასუხს “რიონის ხეობის მცველთა” მოთხოვნებზე

24 აპრილი, 2021 •
მთავრობა ავრცელებს პასუხს “რიონის ხეობის მცველთა” მოთხოვნებზე

საქართველოს მთავრობა “ნამახვანჰესის” მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც “რიონის ხეობის მცველებმა” 23 აპრილის ღამით თქვეს, მთავრობისგან მიიღებს პირობა, რომ მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით განცხადება სწორედ დღეს, 24 აპრილს გავრცელდებოდა.

აქტივისტებს 3 მოთხოვნა ჰქონდათ: შეწყდეს ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები, მოიხსნას გადაადგილების შეზღუდვა და მიეცეთ “რიონის ხეობის მცველებს” სოფელ ნამახვანში დაბრუნების, ასევე, ადგილზე კარვებით პროტესტის გაგრძელების საშუალება.

მთავრობის დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია:

“კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში.

საქართველოს მთავრობა საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ყველა დაინტერესებულ პირს უდასტურებს მზაობას, პროცესი გაგრძელდეს დიალოგის ფორმატში, რომლის ფარგლებშიც მოხდება ხელშეკრულების თითოეული პუნქტის პირობების განხილვა, იმისთვის, რომ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს.

ასევე, „ნამახვანჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას. ტერიტორიაზე დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონის ფარგლებში პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ”.

განცხადებაში ასევე ჩამოთვლილია “ნამახვანჰესის” პროექტთან, მის შესწავლასთან და განხორციელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, რომელთა ნაწილი აქამდეც იყო ცნობილი.

ტექსტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრმა კომპანია “ენკასთან” დადებული ხელშეკრულების შესწავლა იუსტიციის სამინისტროს დაავალა. ამასთან, იუსტიციის სამინისტრომ უნდა იქირაოს საერთაშორისო იურიდიული კომპანია, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.

“საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი. საერთაშორისო ექსპერტი „ნამახვანჰესის“ გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით იმუშავებს.

საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების დაზუსტებას კომპანია „ენკასთან“. პროექტის სრულყოფის მიზნით, უახლოეს მომავალში, მთავრობა კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.

კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

რა ხდებოდა მანამდე?

რიონის ხეობაში ვითარება აპრილის დასაწყისში, მას შემდეგ დაიძაბა, რაც სოფელ ნამოხვანში კომპანია “ენკამ”  ნამახვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა. პროექტის მოწინააღმდეგე აქტივისტების(“რიონის ხეობის მცველების) პროტესტის ფონზე, პოლიციამ ხეობაში გადაადგილება შეზღუდა, შემდეგ კი დაშალა კარვები, რომლებშიც აქტივისტები თვეების განმავლობაში მორიგეობდნენ.

მას შემდეგ, რაც ნამოხვანისკენ მოძრაობა შეიზღუდა, პროტესტმა სოფელ გუმათთან გადაინაცვლა. “რიონის ხეობის მცველებმა” და მათმა მხარდამჭერებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. პროცესს თან ახლდა პოლიციის წინააღმდეგობა და დაკავებები. ნამოხვანისკენ მიმავალი გზაზე, რომელიც იქამდეც ჩაკეტილი იყო, რკინის ბარიერები განალაგეს.

ხეობაში არსებული დაძაბულობის ფონზე, 16 აპრილს ქუთაისში ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენლებს შეხვდნენ.”რიონის ხეობის მცველებმა 3 მოთხოვნა წარუდგინეს სახელმწიფოს:

შეწყდეს ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები, მოიხსნას გადაადგილების შეზღუდვა და მიეცეთ “რიონის ხეობის მცველებს” სოფელ ნამახვანში დაბრუნების, ასევე, ადგილზე კარვებით პროტესტის გაგრძელების საშუალება.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მაშინ თქვეს, რომ აქტივისტების მოთხოვნებზე საპასუხოდ რამდენიმე დღე იყო საჭირო. ერთადერთი, რაც ხეობაში ხსენებული შეხვედრის შემდეგ შეიცვალა, გუმათის გზაზე განლაგებული რკინის ბარიერების რაოდენობაა: ის მცირედით შემცირდა, თუმცა გადაადგილება ხეობაში უწინდებურად შეზღუდულია.

პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ

არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტი თუ აქტივისტი ამბობს, რომ “ნამახვანჰესის” პროექტი მნიშვნელოვან კითხვის ნიშნებს აჩენს, მათი ნაწილის შეფასებით კი, ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა, რასაც ოპონენტი მხარე უარყოფს. 

მიუხედავად მთავრობის განცხადებისა, რომ ეს ჰესი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას წაადგება, კრიტიკოსი ორგანიზაციები ამბობენ, რომ  ელექტროენერგიის ეს საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია.

ადგილობრივი აქტივისტები რამდენიმე თვის განმავლობაში, სოფელ ნამოხვანში, კარვებში მორიგეობდნენ და ამ ფორმით ეწინააღმდეგებოდნენ დაგეგმილ მშენებლობას. გაიმართა რამდენიმე ხალხმრავალი აქცია ქუთაისშიც. პროტესტის ფონზე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჰესის სამშნებელო სამუშაოები 9-12 თვის მანძილზე არ იწარმოებს.

გასულ კვირას სახელმწიფომ თქვა, რომ “ნამახვანჰესის” პროექტის “დახვეწის” მიზნით ქმნის ექსპერტთა საბჭოს, რომელსაც ხსენებულ პროექტთან დაკავშირებით გასულ წლებში ჩატარებულ ყველა კვლევას გადასცემენ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საბჭოს შემადგენლობაში ელიან ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტების წარმომადგენლებს და უშუალოდ მათ, თუ ამის სურვილი ექნებათ.

“რიონის ხეობის მცველები” სკეპტიკურად უყურებენ აღნიშნულ იდეას და ამბობენ, რომ უპირველესად, მათი პრეტენზიები მიემართება შინაარსს იმ კონტრაქტისა, რომელიც სახელმწიფოსა და ჰესის მშენებელ კომპანიას შორის დაიდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი