ახალი ამბები

ცნობილია, რა პასუხი გასცა მთავრობამ “რიონის ხეობის მცველების” 3 მოთხოვნას

23 აპრილი, 2021 •
ცნობილია, რა პასუხი გასცა მთავრობამ “რიონის ხეობის მცველების” 3 მოთხოვნას

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლებთან პარასკევის მდგომარეობით შეთანხმება მიღწეული არ არის.

საუბარია აქტივისტების 3 მოთხოვნაზე, რომელზეც პრემიერის წარმომადგენლებს პასუხი პარასკევს უნდა გაეცათ:

3 მოთხოვნა წარუდგინეს სახელმწიფოს:

  • შეწყდეს ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოებ;,
  • მოიხსნას გადაადგილების შეზღუდვა;
  • მიეცეთ “რიონის ხეობის მცველებს” სოფელ ნამახვანში დაბრუნების, ასევე, ადგილზე კარვებით პროტესტის გაგრძელების საშუალება.

ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მათ დაუკავშირდა მთავრობის ადნინისტრაციის წარმომადგენელი ლერი ბარნაბიშვილი, რომელთან საუბრის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ მთავრობა მხოლოდ ნაწილობრივადაა თანახმა მათი პირობების შესრულებისთვის.

კერძოდ, გოლეთიანის თანახმად, მთავრობა მხოლოდ ნაწილობრივ გამოთქვამს მზაობას აიღოს სოფელ ნამოხვანთან მისასვლელი ბარიკადები და გახსნას გზა. თუმცა ნამოხვანში ყველა აქტივისტი ვერ შეძლებს მისვლას, გადაადგილება კვლავ შეზღუდული იქნება და მხოლოდ 30-40 ადამიანი შეძლებს გადაადგილებას. ამასთან, გუმათთან, იმ სოფელთან, სადაც ამჟამად არიან აქტივისტები განლაგებულნი, მას შემდეგ, რაც მათ ნამოხვანთან მისვლა აეკრძალათ, კვლავ დარჩება პოლიცია და უზრუნველყოფს იმას, რომ გზით არ ისარგებლოს 30-40 ადამიანზე მეტმა. გოლეთიანის გნცხადებით, ეს არ არის მისაღები პირობა, რადგან საკუთარი კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობა ყველას უნდა შეეძლოს და არამხოლოდ 30 ადამიანს.

ასევე, გოლეთიანის თქმით, გაგრძელდება გზის მშნენებლობა, რაც აქტივისტებისთვის გაუგებარია, რადგან ეს გზა პირდაპირ უკავშირდება ჰესის მშენებლობას. იმ შემთხვევაში კი, თუ მხარეები უშვებენ, რომ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჰესი შესაძლოა აღარც აშენდეს, წინასწარ გზის მშენებლობის საჭიროებაც არ დგას.

გოლეთიანის თქმით, ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეული არ არის, თუმცა მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ მთავრობა ხვალ, 12 საათამდე, საჯარო განცხადებას გაავრცელებს მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რასაც აქტივისტებიც დაელოდებიან.

იმ შემთხვევაში, თუ “რიონის ხეობის მცველების” პირობები არ დაკმაყოფილდება, გოლეთიანის თქმით, სხვადასხვა ქალაქში წამოიწყებენ საპროტესტო აქციებს, პიკეტირებებს, ბოლოს კი, დედაქლაქში გამართავენ მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლას.

რა ხდებოდა მანამდე?

რიონის ხეობაში ვითარება აპრილის დასაწყისში, მას შემდეგ დაიძაბა, რაც სოფელ ნამოხვანში კომპანია “ენკამ”  ნამახვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა. პროექტის მოწინააღმდეგე აქტივისტების(“რიონის ხეობის მცველების) პროტესტის ფონზე, პოლიციამ ხეობაში გადაადგილება შეზღუდა, შემდეგ კი დაშალა კარვები, რომლებშიც აქტივისტები თვეების განმავლობაში მორიგეობდნენ.

მას შემდეგ, რაც ნამოხვანისკენ მოძრაობა შეიზღუდა, პროტესტმა სოფელ გუმათთან გადაინაცვლა. “რიონის ხეობის მცველებმა” და მათმა მხარდამჭერებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. პროცესს თან ახლდა პოლიციის წინააღმდეგობა და დაკავებები. ნამოხვანისკენ მიმავალი გზაზე, რომელიც იქამდეც ჩაკეტილი იყო, რკინის ბარიერები განალაგეს.

ხეობაში არსებული დაძაბულობის ფონზე, 16 აპრილს ქუთაისში ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენლებს შეხვდნენ.”რიონის ხეობის მცველებმა 3 მოთხოვნა წარუდგინეს სახელმწიფოს:

შეწყდეს ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები, მოიხსნას გადაადგილების შეზღუდვა და მიეცეთ “რიონის ხეობის მცველებს” სოფელ ნამახვანში დაბრუნების, ასევე, ადგილზე კარვებით პროტესტის გაგრძელების საშუალება.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მაშინ თქვეს, რომ აქტივისტების მოთხოვნებზე საპასუხოდ რამდენიმე დღე იყო საჭირო. ერთადერთი, რაც ხეობაში ხსენებული შეხვედრის შემდეგ შეიცვალა, გუმათის გზაზე განლაგებული რკინის ბარიერების რაოდენობაა: ის მცირედით შემცირდა, თუმცა გადაადგილება ხეობაში უწინდებურად შეზღუდულია.

პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ

არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტი თუ აქტივისტი ამბობს, რომ “ნამახვანჰესის” პროექტი მნიშვნელოვან კითხვის ნიშნებს აჩენს, მათი ნაწილის შეფასებით კი, ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა, რასაც ოპონენტი მხარე უარყოფს. 

მიუხედავად მთავრობის განცხადებისა, რომ ეს ჰესი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას წაადგება, კრიტიკოსი ორგანიზაციები ამბობენ, რომ  ელექტროენერგიის ეს საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია.

ადგილობრივი აქტივისტები რამდენიმე თვის განმავლობაში, სოფელ ნამოხვანში, კარვებში მორიგეობდნენ და ამ ფორმით ეწინააღმდეგებოდნენ დაგეგმილ მშენებლობას. გაიმართა რამდენიმე ხალხმრავალი აქცია ქუთაისშიც. პროტესტის ფონზე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჰესის სამშნებელო სამუშაოები 9-12 თვის მანძილზე არ იწარმოებს.

გასულ კვირას სახელმწიფომ თქვა, რომ “ნამახვანჰესის” პროექტის “დახვეწის” მიზნით ქმნის ექსპერტთა საბჭოს, რომელსაც ხსენებულ პროექტთან დაკავშირებით გასულ წლებში ჩატარებულ ყველა კვლევას გადასცემენ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საბჭოს შემადგენლობაში ელიან ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტების წარმომადგენლებს და უშუალოდ მათ, თუ ამის სურვილი ექნებათ.

“რიონის ხეობის მცველები” სკეპტიკურად უყურებენ აღნიშნულ იდეას და ამბობენ, რომ უპირველესად, მათი პრეტენზიები მიემართება შინაარსს იმ კონტრაქტისა, რომელიც სახელმწიფოსა და ჰესის მშენებელ კომპანიას შორის დაიდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი