ახალი ამბები

PHR: “ლიბერთი ბანკი” შშმ ქალის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო დაჯარიმდა

22 აპრილი, 2021 •
PHR: “ლიბერთი ბანკი” შშმ ქალის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო დაჯარიმდა

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, მარიამ მიქიაშვილის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა. PHR-ის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება პრეცედენტული მნიშვნელობისაა, რადგან გადაწყვეტილებაში გონივრულ მისადაგებაზე უარი განხილულია, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა.

PHR-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით, “ლიბერთი ბანკის” თბილისის ყველა რაიონსა და რეგიონების თითო ქალაქში არანაკლებ ერთი ფილიალისა, უნდა ადაპტირდეს ტექსტის წამკითხველი პროგრამით, ხმოვანი ბანკომატით, ტაქტილური ბილიკით და ხელმოწერის გამარტივებული ფორმით. ამასთან, “ლიბერთი ბანკს” მიქიაშვილის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება დაევალა.

“2017 წლის 27 იანვარს, როდესაც მარიამ მიქიაშვილი „ლიბერთი ბანკში“ პლასტიკური ბარათის ასაღებად მივიდა, მას ბანკის თანამშრომელმა უთხრა, რომ სხვა ადამიანის თანხლების გარეშე მომსახურებას არ გაუწევდა. მარიამმა გააპროტესტა ეს და გამოიძახა საპატრულო პოლიცია. ბანკი მას არ ემსახურებოდა, როგორც სრულუფლებიან მოქალაქეს. ბანკმა არ გაითვალისწინა უსინათლო ქალის საჭიროებები და არ მისცა მარიამს ბარათი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ „ამგვარი პირობის დაყენება [თანმხლების პირის მოთხოვნა], განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა არსებობს მრავალნაირი დამხმარე და ტექნიკური საშუალება, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია მომხმარებლისათვის ინდივიდუალური მომსახურების მიწოდება ყოველგვარი მესამე პირის ჩარევის გარეშე, არის არათანასწორი მოპყრობა”,- წერია განცხადებაში.

PHR-ის ცნობით, სასამართლო დასაბუთების დროს დაეყრდნო “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას”, რომელიც დაცვის მეტ გარანტიებს სთავაზობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ვიდრე საქართველოს კანონი “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების” შესახებ.

“კონვენციის თანახმად, “გონივრული მისადაგება გულისხმობს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმ აუცილებელი და შესაბამისი მოდიფიკაციებისა და კორექტივების განხორციელებას, რაც არ იწვევს დაუძლეველ და გაუმართლებელ სირთულეებს და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და თავისუფლების ფუნდამენტურ ღირებულებათა რეალიზებას”, – განამარტავს PHR.

“ნეტგაზეთი” დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად, კერძოდ, დაიწყო თუ არა ბანკმა ფილიალების შშმ პირებისთვის ადაპტირება და დაეკსრა თუ არა ჯარიმა, “ლიბერთი ბანკს” დაუკავშირდა, თუმცა ამ დრომდე მათგან პასუხი არ მიგვიღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი