„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აკრიტიკებს ყოფილ თანაგუნდელ დავით ბაქრაძესა და „ევროპული საქართველოს“ პარტიულ სიაში მყოფ არმაზ ახვლედიანსა და შალვა შავგულიძეს, რომლებსაც პარლამენტარების მანდატები აქვთ და შარლ მიშელის დოკუმენტს დადებითად აფასებენ.
„ევროპული საქართველო“, ამ მოცემულობით, უარს ამბობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტზე. გიგა ბოკერიასგან განსხვავებული მოსაზრება აქვთ შალვა შავგულიძეს, არმაზ ახვლედიანსა და დავით ბაქრაძეს.
შავგულიძემ 19 აპრილს განაცხადა, რომ იტოვებს „დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლებას“; არმაზ ახვლედიანმა კი განაცხადა, რომ მზადაა, შეთანხმების დოკუმენტს შეუერთდეს და პარლამენტში შევიდეს, თუ მას „ქართული ოცნება“ ხელს მოაწერს.
დავით ბაქრაძემ კი წინა დღით განაცხადა, რომ ამ დოკუმენტს სერიოზულად განიხილავს და, იმის მიუხედავად, რომ გარკვეული შენიშვნები აქვს, „ეს დოკუმენტი არის კომპრომისის შედეგი და კომპრომისს ხანდახან მოაქვს ალოგიკური და თუნდაც, მძიმედ მხარდასაჭერი შეთანხმებებიც“.
ჟურნალისტების კითხვაზე, რას ცვლის მისთვის შალვა შავგულიძის, დავით ბაქრაძისა და არმაზ ახვლედიანის განცხადებები, გიგა ბოკერიამ 19 აპრილს განაცხადა:
„ვწუხვარ. მე მცდარ გადაწყვეტილებად მიმაჩნია ამ ეტაპზე ასეთი განცხადების გაკეთება“.
ბოკერიას თანახმად, შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი, პარტიის წევრები არც ყოფილან და არც არიან, თუმცა „ევროპული საქართველოს“ პარტიულ სიაში იყვნენ, „ამიტომ, მცდარ გადაწყვეტილებად მიმაჩნია ყველა შემთხვევაში, თან ახლა, ამის დაფიქსირება“.
დავით ბაქრაძესთან დაკავშირებით კი გიგა ბოკერიამ განაცხადა:
„აქ კიდევ უფრო უხერხული და არაკორექტული ვითარებაა. ბატონმა დავითმა ჯერ არჩევნებამდე ჩვენს პოლიტიკურ გუნდში თქვა და შემდეგ საჯაროდ, რომ ცუდი შედეგის შემთხვევაში საერთოდ არ აპირებდა პარლამენტში შესვლას და შემდეგ, პარტიული პოლიტიკიდან მივდივარ და ვერ ვხედავ საკუთარ თავსო“.
„უხერხული და არაკორექტული ამბავია, რბილად რომ ვთქვა, თუ ეს ყველაფერი იმ კონტექსტში იყო, რომ მერე საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ხედავდა, მაგრამ პარლამენტში ხედავდა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
დავით ბაქრაძემ, გიგი უგულავასთან ერთად, რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ პოლიტიკას ტოვებდა; მათი პოზიციით, მსგავსი გადაწყვეტილება სამივე ლიდერს უნდა მიეღო — გიგა ბოკერიასაც.
გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ მას განსხვავებული პოზიცია აქვს, რის შემდეგაც ბაქრაძემ და უგულავამ პარტია ოფიციალურად დატოვეს.
შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით გირჩევთ:
რას ნიშნავს ვადამდელის საკითხის სხვა არჩევნების შედეგებზე მიბმა