ახალი ამბები

მე ამ დოკუმენტს განვიხილავ სერიოზულად – ბაქრაძე მიშელის დოკუმენტზე

18 აპრილი, 2021 • 931
მე ამ დოკუმენტს განვიხილავ სერიოზულად – ბაქრაძე მიშელის დოკუმენტზე

“ევროპული საქართველოს” ყოფილი ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალი დოკუმენტს “სერიოზულად განიხილავს”.

მისი თქმით, დოკუმენტში წინა ვერსიასთან შედარებით შეტანილია მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ამ დოკუმენტს აუმჯობესებს. როგორც ბაქრაძე ამბობს, დოკუმენტი კომპრომისის შედეგია და კომპრომისს ხანდახან  მძიმედ მხარდასაჭერი შეთანხმებებიც მოაქვს.

“რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით კი შემიძლია ვთქვა, რომ ბმა ადგილობრივ არჩევნებზე არ არის საუკეთესო და სწორი გზა რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად. მე გეტყვით გულწრფელად, ახლაც მიმაჩნია, რომ 43% არის ალოგიკური რიცხვი, სრულად ლოგიკური იქნებოდა 48 პროცენტი, რომელიც „ოცნებამ“ აიღო არჩევნებზე, მაგრამ სრულად მესმის, რომ ეს დოკუმენტი არის კომპრომისის შედეგი და კომპრომისს ხანდახან მოაქვს ალოგიკური და თუნდაც, მძიმედ მხარდასაჭერი შეთანხმებებიც. ამიტომ ჩემთვის ამ დოკუმენტში პრობლემურია სწორედ რიგგარეშე არჩევნების საკითხი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ სასწორის მეორე მხარეს დევს დიდი პოლიტიკური ფასი და ინტერესი[…]

მე ამ დოკუმენტს განვიხილავ სერიოზულად. ვერ გამოვრიცხავ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწეროს, აქაც არ გამოცხადდნენ”, — განაცხადა ბაქრაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს ახალი წინადადება წარუდგინა.

მიშელის დოკუმენტში საუბარია, როგორც ვადამდელ არჩევნებზე, ასევე პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე.

“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის, ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას მოაგვარონ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიის ან სხვა გზით, რომელსაც ერთი და იგივე შედეგი მოყვება. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმომდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე”, — ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ “ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”.

შარლ მიშელის ახალი წინადადება პარტიებს დღეს, 18 აპრილს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე წარედგინათ. დღევანდელ შეხვედრას “ქართული ოცნებაც” უნდა დასწრებოდა, თუმცა მმართველი პარტია შეხვედრაზე არ გამოცხადდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი