პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ლევან ხაბეიშვილის დაკავება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა.

მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმი კრიზისშია და ამის გადასაფარად ცდილობს ძალის დემონსტრირებას.

„ივანიშვილი აგრძელებს პოლიტიკურ რეპრესიებს, ამჯერად, გამორჩეულად აბსურდული საბაბით – ლევან ხაბეიშვილი დააკავეს თვენახევრის წინანდელი განცხადების გამო.

ამ განცხადებაში თანხის საკითხს, მათ შორის მის რაოდენობას თუ არ ჩავთვლით, მზად ვარ, მთლიანად შევუერთდე მის არსებით გზავნილს. ყველა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც ანტიკონსტიტუციურ, უკანონო ბრძანებებს არ დაემორჩილება, ამ რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ამა თუ იმ ფორმით, ლეგიტიმურად იქნება წახალისებული.

თუმცა, ზოგადად, სუს-ის ამ განცხადების სამართლებრივ ჩარჩოში სერიოზულად განხილვა შეუძლებელია. ივანიშვილის რეჟიმი კრიზისშია და ამის გადასაფარად ცდილობს ძალის დემონსტრირებას.

ჩვენი საზოგადოების, თითოეული ჩვენგანის ერთადერთი სწორი პასუხი არის და იქნება პროტესტის გაგრძელება და გაფართოება მანამ, სანამ ივანიშვილი ძალაუფლების დათმობას არ შეეგუება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.



„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი და ამავე პარტიის წევრი მურთაზ ზოდელავა დააკავეს.

ლევან ხაბეიშვილი – ენმ-ის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დღეს, 11 სექტემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეზოში დააკავეს.

სუსის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი მისი საჯარო გამოსვლების დროს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების [გდდ] მიმართ ქრთამის მიცემის დაპირების გამო დააკავეს.

ლევან ხაბეიშვილთან ერთად დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ მურთაზ ზოდელავა. მას გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება – სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლისთვის წინაამდეგობის გაწევა.

სუს-ის ვერსიით, მურთაზ ზოდელავა მაშინ დააკავეს, როცა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის გადამალვის მიზნით სცადა გაქცევა.