სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო.
ნეტგაზეთს აუდიტის სამსახურში განუცხადეს, რომ მონიტორინგი ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში დაწყებულია სკოლის მიერ სავარაუდოდ გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტზე.
მათივე განცხადებით, საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით და მათ შორის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახური მონიტორინგის ფარგლებში თანმიმდევრულად და ეტაპობრივად განახორციელებს ყველა საჭირო მოქმედებას. მათ შორის გამოკითხავს ყველა იმ პირს ვინც შეიძლება იყოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მატარებელი და შეისწავლის ყველა შესაბამის დოკუმენტაციას“, – აცხადებენ აუდიტის სამსახურში.
თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, დაარსდა 1999 წელს და ევროპის საბჭოს ეგიდით ფუნქციონირებს. სკოლის გაცხადებული მიზანია საქართველოში დემოკრატიული კულტურის ჩამოყალიბებას, სამოქალაქო და სახელმწიფო სივრცეებისთვის ევროპულად მოაზროვნე ახალგაზრდა ლიდერების ფორმირება.
თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლას პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს, რომელიც 2013-2016 წლებში იყო პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი.
სკოლის წინააღმდეგ სამთავრობო კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირას ბახმაროში ჩატარებული სემინარის შესახებ გახდა ცნობილი. სემინარს ევროკავშირის ელჩი და სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სემინარს ევროსაბჭო აფინანსებს, თუმცა, გრანტების შესახებ კანონის ფარგლებში ამის ნებართვა არ მიუღიათ.
ერთ-ერთი, ვინც ევროსაბჭო საქართველოში კანონის გვერდის ავლაში დაადანაშაულა შალვა პაპუაშვილია. მისი თქმით, თუ ეს დადასტურდება, ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისისთვის „კატასტროფული სკანდალი“ იქნება. არმაზ ახვლედიანს კი პაპუაშვილმა „რადიკალიზმის იდეოლოგიური განსახიერება“ უწოდა და თქვა, რომ მისი პროექტის დაფინანსებით ევროსაბჭო საქართველოში რადიკალიზმს აფინანსებს, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვება.
თავის მხრივ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ 2007 წელს თავადაც იყო თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ერთ-ერთ სემინარზე და ეს პროექტი მაშინაც იდეოლოგიური იყო და პოლიტიკური პროექტის დაფინანსებისთვის ახლა თანხმობა არის საჭირო.
„რადიკალი პოლიტიკოსი და აფინანსებენ რადიკალი პოლიტიკოსის პოლიტიკურ პროექტს იმისთვის, რომ შემდეგ ადამიანებს თავიანთი იდეოლოგიურ-პოლიტიკური მოსაზრებებით ტვინი გამოურეცხონ. 19 წლის წინ სხვა მდგომარეობა იყო და სხვა გარემოება იყო და ეს გარემოება შეცვლილია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
