„მითების დეტექტორის“ მიერ გადამოწმებული ცნობებით, ბლოგერისა და სამოქალაქო აქტივისტის თორნიკე რაზმაძის დისკრედიტაციის მიზნით ხელოვნური ინტელექტით (AI) გენერირებული ვიდეოები ვრცელდება.
კერძოდ, 21 ნოემბერს ოპოზიციის მადისკრედიტირებელმა ანონიმურმა ფეისბუქ გვერდმა „პოლიტიკანი“ (არქივი) თორნიკე რაზმაძის სახელით გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ის, თითქოსდა, ნარკორეალიზატორს მიმართავს და აცხადებს, რომ მასთან სურს კურიერად „პლანზე, 1 გრამიანებზე” მუშაობის დაწყება. ვიდეოს თან ერთვის კომენტარი: „ახლა უკვე გასაგებია, რატომ დაძმაკაცდა ახობაძესთან”.
22 ნოემბერს ტიკტოკ გვერდზე „DaDash Pirveli” გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ შედის კორპუსის სადარბაზოში კაცი და გაზის მრიცხველებთან იხრება. ვიდეოს თან ახლავს წარწერა: „არ ვარო ხო ბარგინგაო თორნიკე რაზმაძემ?”
22 ნოემბერს ოპოზიციის მადისკრედიტირებელმა კიდევ ერთმა ანონიმურმა ფეისბუქ გვერდმა „განულებული ოპოზიცია“ გამოაქვეყნა თორნიკე რაზმაძის ფოტო მგლოვიარე, შავებში შემოსილ ქალთან ერთად, რომლის იდენტიფიცირება გავრცელებული ვიზუალით შეუძლებელია, წარწერით „ზედოზირებით გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა: „თორნიკე რაზმაძის მსგავსმა ბარიგებმა შეიწირეს ჩემი შვილი”. პოსტის აღწერაში დაკონკრეტებულია, რომ საუბარია დავით ბუაჩიძის დედის ემოციურ წერილზე, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, თუმცა არ არის მითითებული არც წერილის ავტორის ვინაობა, არც პოსტის ლინკი.
„ფეისბუქსა და „ტიკტოკზე“ გავრცელებული ვიდეოები, სადაც ვითომდა თორნიკე რაზმაძე ნარკორეალიზატორს დასაქმების თხოვნით მიმართავს და კორპუსის სადარბაზოში, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას დებს, ხელოვნური ინტელექტის (AI) საშუალებით არის შექმნილი, რაზეც მიუთითებს, როგორც ვიზუალური ხარვეზები, ისე AI-ის ამომცნობი ხელსაწყოები. მესამე პოსტი, რომელსაც ანონიმური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს, მტკიცებულების გარეშეა და მისი ღია წყაროებით გადამოწმება ვერ ხერხდება“, — წერს მითების დეტექტორი.
კერძოდ, „პოლიტიკანის” მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ხელსაწყო InVID-ის თანახმად, 96%-იანი ალბათობით ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული. ტიკტოკზე გამოქვეყნებული ვიდეო შედარებით მოკლე და დაბალი რეზოლუციის არის და ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ხელსაწყო Sightengine-ით გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ აღნიშნული ვიდეოც 77%-იანი ალბათობით ხელოვნური ინტელექტით გენერირებულია.
„ერთიანობაში სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოები და ფეისბუქ პოსტი თორნიკე რაზმაძის დისკრედიტაციის კამპანიურ ხასიათზე მიანიშნებს. ანონიმური ფეისბუქ გვერდები “განულებული ოპოზიცია” და “პოლიტიკანი” ხელისუფლების ოპონენტების დისკრედიტაციის კამპანიებში ადრეც იყვნენ ჩართული; ისევე როგორც ტიკ ტოკ გვერდი DaDash Pirveli“, — წერს მითების დეტექტორი და დასძენს, რომ თორნიკე რაზმაძე ვიზუალური მანიპულაციის სამიზნე ადრეც გამხდარა.
თავად თორნიკე რაზმაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და მიუთითებს, რომ მისი ტელეფონის ნომერს აქვეყნებენ სხვადასხვა ჯგუფებში, თითქოს ნარკოტიკებს ყიდის.
„ჩემზე შეტევამ მიიღო სისხლის სამართლის დანაშაულის ფორმა, მხოლოდ პროპაგანდა აღარაა ეს“, — წერს რაზმაძე.
ცოტა ხნის წინ, წვრილმანი ხულიგნობის, საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინების საბაბით, აქტივისტი და ბლოგერი თორნიკე რაზმაძე 3000 ლარით დააჯარიმეს. საქმე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კომენტარს ეხება, რომელიც, რაზმაძის თქმით, კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანის მისამართით დაწერა. კომენტარი შსს-მ და „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებმა წარმოაჩინეს, როგორც კობახიძეზე და „ქართული ოცნების“ მთავრობაზე თავდასხმა.
თორნიკე რაზმაძე 3000 ლარით დააჯარიმეს — „მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის საქმე“
