ახალი ამბები

მოვუწოდებ ოპოზიციას, ხელი მოაწეროს დანიელსონის დოკუმენტს — კალიურანდი

17 აპრილი, 2021 • 693
მოვუწოდებ ოპოზიციას, ხელი მოაწეროს დანიელსონის დოკუმენტს — კალიურანდი

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტის წევრი მარინა კალიურანდი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, “ქართული ოცნების შემდეგ, მათაც მოაწერონ ხელი კრისტიან დანიელსონის შუამავლობით მომზადებულ დოკუმენტს.

“მთელი გულით მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ მმართველმა “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, ხელი მოაწეროს შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით [მომზადებულ] კომპრომისულ დოკუმენტს, რომელიც მიზნად ისახავს არსებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას.

მწამს, რომ ეს კომპრომისული დოკუმენტი გვთავაზობს დაბალანსებულ გამოსავალს, რომლებიც მხედველობაში იღებს საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტიის ინტერესებს.

მოსალოდნელიც იყო, რომ ძირითადი ყურადღება მიმართული იქნებოდა მმართველი პარტიისკენ. ახლა, როცა მან გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა, სერიოზულად მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომლებიც გასული წლის შემოდგომის არჩევნებიდან მოყოლებული ბოიკოტს უცხადებენ პარლამენტს, გამოიჩინონ ასეთივე სიმამაცე და კეთილი ნება, ამ დოკუმენტზე ხელმოწერით.

როგორც ისტორიამ ბევრჯერ გვასწავლა, დიდმა მმართველებმა იციან, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლება, არაპოპულარულად ჩანდეს მოკლევადიან პერსპექტივაში, ხანდახან აუცილებელია ქვეყნისთვის უფრო დიდი სიკეთის მოსატანად”, — დასძენს კალიურანდი.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას ევროპელმა დიპლომატმა კრისტიან დანიელსონმა ჯერ კიდევ 30 მარტს შესთავაზა. ხელმოწერილი დოკუმენტი პარლამენტარმა შალვა პაპუაშვილმა 16 აპრილს, გვიან ღამით გაავრცელა.

“დღემდე არ მოვაწერეთ ხელი, რადგან ველოდით ოპოზიციის შემხვედრ ნაბიჯებს და დაველოდეთ, სანამ ელჩები დამატებით კონსულტაციებს გამართავდნენ.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ევროკავშირმა ამ დოკუმენტში არ შეიტანა რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რაც საპარლამენტო არჩევნებისა და პარლამენტის ლეგიტიმურობის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა”, — განაცხადა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ 16 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.

თალაკვაძის ბრიფინგის შემდეგ ოპოზიციონერთა უმრავლესობამ თქვა, რომ მათთვის გაუგებარია თალაკვაძის შეთავაზება და ისინი შეთანხმებას ხელს არ მოაწერენ გარკვეული პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის ბოლო შეხვედრა 30 მარტს უშედეგოდ დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ გასაჯაროვდა კრისტიან დანიელსონის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული შეთანხმების პროექტი, რომელიც 5 ნაწილისგან შედგება: პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება; ამბიციური საარჩევნო რეფორმა; კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა; პარლამენტში ძალაუფლების განაწილება; მომავალი არჩევნები.

“ქართულმა ოცნებამ” მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა, ოპოზიციამ კი — ხელისუფლებას.

დანიელსონის წინადადება პარტიებს: ტექსტი სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი