ახალი ამბები

სარკეში ჩახედვა არაა საჭირო, ბოლო 3 რეზოლუციას ჩახედონ – პაპუაშვილი ევროპარლამენტარებს

8 ივნისი, 2023 • 732
სარკეში ჩახედვა არაა საჭირო, ბოლო 3 რეზოლუციას ჩახედონ – პაპუაშვილი ევროპარლამენტარებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების კრიტიკის საპასუხოდ მათ თავად აკრიტიკებს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხრივ დაფიქრებისა და “ქართველი ხალხის წინაშე საკუთარი შეცდომების გამოსწორებისკენ” მოუწოდებს.

ამის შესახებ მან დღეს, 8 ივნისს, საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქართულ მედიასთან საუბრისას განაცხადა:

“სარკეში ჩახედვა არ არის საჭირო, ჩახედონ იმ ბოლო სამ რეზოლუციას, რომელსაც მხარი დაუჭირეს, მათ შორის ქალბატონმა კალიურანდმა. ჩახედონ იმ დეზინფორმაციას და იმ პროპაგანდას ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც ამ სამ რეზოლუციაში იყო. დაფიქრდნენ, იქნებ არის დრო, რომ გამოასწორონ საკუთარი შეცდომები ქართველი ხალხის წინაშე”, — განაცხადა პაპუაშვილმა.

დღეს ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მეთორმეტე სხდომა გაიმართა, სადაც ევროპარლამენტარებმა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ ევროინტეგრაციის ნაწილში საქართველომ მოწინავე ქვეყნიდან უკან გადაინაცვლა, რის ერთ-ერთ მიზეზადაც მმართველი გუნდის პოლიტიკა და “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებიც დაასახელეს. მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი პოლიტიკა გააკრიტიკა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა, რომელიც “ქართული ოცნების” ყოფილ პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს ევროპაში.

კალიურანდმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე საუბარი სწორედ შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცება 12 რეკომენდაციის 80%-ით შესრულებასთან დაკავშირებით აჩენს შეკითხვებს იმის ფონზე, რაც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, ევროკომისიისა და დასავლელი პარტნიორების მხრიდან ხმიანდება.

რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, კალიურანდმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლებს და მათ შორის წაიკითხა 12 მარტს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გაკეთებული განცხადება, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამბობდა: „ევროპარლამენტმა სჯობს საკუთარ თავს მიხედოს. ჩვენ რატომ გვკარნახობენ, რა გავაკეთოთ? მათი სურვილი იყო და არის საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვა“. კალიურანდმა აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის ციტატებით სავსე ორი ფურცელი ჰქონდა თან მიტანილი და “ჰაერიდან არ მოაქვს”, როდესაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ევროკავშირისა და ევროპარლამენტარების კრიტიკაზე საუბრობს.

“ეს არის თქვენი ხელმძღვანელობის კონკრეტული განცხადებები, რომლებიც ჩვენ გვესმის და ვიღებთ აქ, ბრიუსელში. მინდა ვთქვა, რომ ვწუხვარ, თუ ფიქრობთ, რომ დღევანდელი დისკუსია საქართველოში პოლარიზაციას იწვევს. ჩემი რჩევა იქნება, ნუ ადანაშაულებთ სხვებს, სარკეში ჩაიხედეთ და დაინახეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად“, – მიმართა მან ევროპარლამენტში მყოფ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი