ახალი ამბები

პროგრესი ზედაპირულსა და არაერთგვაროვანს წააგავს – კალიურანდი ევრორეკომენდაციებზე

12 ივნისი, 2023 • 1181
პროგრესი ზედაპირულსა და არაერთგვაროვანს წააგავს – კალიურანდი ევრორეკომენდაციებზე

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს მთავრობის მიერ 12 ევრორეკომენდაციის შესრულების შესახებ შეფასებას აქვეყნებს.

2-გვერდიან დოკუმენტში კალიურანდი მიმოიხილავს ევრორეკომენდაციების გაცემისა და მათი შეფასების პროცესს.

ევროპარლამენტარი წერს, რომ როგორც ის, ასევე მისი კოლეგები კრიტიკულად უყურებენ ზემოხსენებულ პროცესს და ამბობს, რომ ზოგან ის ზედაპირულისა და არაერთგვაროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს.

შეფასების დოკუმენტში კალიურანდი საუბრობს ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) სხდომაზე, რომელიც 8 ივნისს გაიმართა.

„მე და ჩემმა კოლეგებმა ევროპარლამენტში ხაზი გავუსვით, რომ აუცილებელია რეკომენდაციები შესრულდეს, როგორც პრაქტიკულ დონეზე, ასევე შინაარსობრივადაც. ზოგან პროგრესი ზედაპირულსა და არაერთგვაროვანს წააგავს. საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ჩანს გულწრფელი ნების არარსებობა , რომ ჩართონ ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ამასთანავე, ჩვენ მოვუწოდეთ საპარლამენტო ოპოზიციას, რომ დეპოლარიზაციის პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანონ და კონსტრუქციულად ჩართულიყვნენ საკანონმდებლო საქმიანობაში.“

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ მიესალმნენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას – „რომელიც მოსახლეობაში რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს.“

„შესაძლებლობების ეს ფანჯარა არ უნდა დაიკარგოს. ახლა საქართველოს მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიების საერთო პასუხისმგებლობაა, რომ გვერდზე გადადონ განსხვავებები და მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებების აღსრულებაზე ერთად და გულწრფელად იმუშაონ.“

კალიურანდის თქმით, ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმის მნიშვნელობასაც, რომ საქართველომ უნდა გააუმჯობესოს ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობა უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისითაც. ამ კუთხით კი რუსეთთან აღდგენილი პირდაპირი ფრენები კითხვის ნიშნებს ბადებს.

ევროპარლამენტარი დასძენს, რომ ისაუბრეს დემოკრატიული რეფორმების გაძლიერების აუცილებლობაზე, ასევე, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და „მთავარი არხის“ დამფუძნებლის – ნიკა გვარამიას პატიმრობაზე.

„ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, რომ გაეორმაგებინათ მათი ძალისხმევა ისეთი პრიორიტეტების შესრულებაზე, რომელიც ეხება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, დეოლიგარქიზაციას, მედიის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას.

ამასთანავე, ხაზი გავუსვით, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო, როდესაც საქმე ეხება დეპოლარიზაციას, საარჩევნო სისტემას, ანტიკორუფციასა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებებს, მათ შორის, ლგბტქი+ ადამიანებს.“

კალიურანდი ასევე აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად დაგმეს რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ და ევროკავშირი უდრეკად და მყარად მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

სრულად ეს დოკუმენტი წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი