ახალი ამბები

კალიურანდმა „ოცნებას” ბრიუსელში ღარიბაშვილის განცხადებები შეახსენა

8 ივნისი, 2023 • 1442
კალიურანდმა „ოცნებას” ბრიუსელში ღარიბაშვილის განცხადებები შეახსენა

„ჩემი რჩევა იქნება, ნუ ადანაშაულებთ სხვებს, სარკეში ჩაიხედეთ და დაინახეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად“, – ასე მიმართა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა მმართველი პარტიის წევრებს ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე.

კალიურანდმა ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ წევრის, მაია ბითაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ევროპელი პარტნიორების განცხადებები საქართველოში პოლარიზაციის ზრდას უწყობს ხელს.

„მოდით, ერთი საკითხი დავაზუსტოთ, როდესაც ვახსენე ომში ჩართვის სურვილი, მივუთითებდი თქვენი პრემიერის ინტერვიუს, რომელიც 12 მარტს ტელეკომპანია „იმედთან“ ჰქონდა, სადაც ამბობს: „ევროპარლამენტმა სჯობს საკუთარ თავს მიხედოს. ჩვენ რატომ გვკარნახობენ, რა გავაკეთოთ? მათი სურვილი იყო და არის საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვა“. ეს პრემიერ-მინისტრის სიტყვებია. თუ გსურთ, 2 ფურცელი მაქვს ციტატების და შემიძლია გავაგრძელო. გსურთ ყველა ციტატის მოსმენა?

უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ როცა ვამბობთ, არის ანტიდასავლური რიტორიკა, არის ბრალდებები პარლამენტის წევრების მიმართ, არის ბრალდებები ევროპის პარლამენტის პოლიტიკურ ფრაქციების და ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ, ეს ჰაერიდან არ მოგვაქვს. ეს არის თქვენი ხელმძღვანელობის კონკრეტული განცხადებები, რომლებიც ჩვენ გვესმის და ვიღებთ აქ, ბრიუსელში. მინდა ვთქვა, რომ ვწუხვარ, თუ ფიქრობთ, რომ დღევანდელი დისკუსია საქართველოში პოლარიზაციას იწვევს. ჩემი რჩევა იქნება, ნუ ადანაშაულებთ სხვებს, სარკეში ჩაიხედეთ და დაინახეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

დღეს, 8 ივნისს, ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მეთორმეტე სხდომა იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი