აგვისტოში საქართველოდან ტოგოში ნავთობპროდუქტების ექსპორტი განულდა, ის მეორე აფრიკულმა სახელმწიფომ – კოტ-დივუარმა ჩაანაცვლა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
ნავთობპროდუქტებს, 2025 წლის ნოემბრამდე იმ პროდუქტების სიაში, რომელსაც საქართველო უცხოეთში ჰყიდის, მოკრძალებული ადგილი ეკავა, 2026 წლის იანვარ-აგვისტოს მდგომარეობით კი, მსუბუქი ავტომობილების შემდეგ, $689 მლნ-ით მეორე ადგილზეა.
8 თვის მონაცემებით, ნავთობპროდუქტების ექსპორტში პირველ ადგილს $137 მლნ-ით ტოგო ინარჩუნებს. ანუ გასულ 8 თვეში ყველაზე მეტი მოცულობის ნავთობპროდუქტი საქართველომ ტოგოში გაყიდა. აგვისტოში გალიდერებული კოტ-დივუარი 8 თვის ჭრილში მეექვსე ადგილზეა. ათეულში 5 აფრიკული ქვეყანაა. იმ სახელმწიფოთა ჩამონათვალში სადაც ექსპორტმა 10 მლნ დოლარს გადააჭარბა, მოხვდნენ ნავთობით ისეთი მდიდარი სახელმწიფოები, როგორებიცაა: ლიბია – 35 მლნ დოლარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები 12 მლნ დოლარი. 35 და მით უმეტეს 12 მლნ დოლარი ამ ქვეყნებისთვის არაარსებითია. არსებული ფაქტი შეიძლება კონკრეტული ტიპის საწვავზე მოთხოვნით, ან ზოგადი დეფიციტით აიხსნას. შესაძლოა მოთხოვნის ზრდის გამო, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები საკმარის მიწოდებას ვერ უზრუნველყოფდნენ.
საექსპორტო პარტნიორები ნავთობპროდუქტებში 8 თვის მონაცემები (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
1995-2025 წლებში ტოგოში ყველა პროდუქციის ჯამურმა ექსპორტმა 570 ათასი დოლარი შეადგინა, მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში 240-ჯერ მეტი – 137 მლნ.
კოტ-დივუარშიც 31 წლის ჯამური, ყველა პროდუქტის ექსპორტი სულ 1.3 მლნ დოლარს შეადგენდა, სენეგალში 4.3 მლნ-ს. თუ მათ წლების რაოდენობაზე გავყოფთ, სამივე შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ექსპორტი ფაქტობრივად ნულოვანი იყო. აფრიკის ქვეყნების მსგავსად, საქართველოს ექსპორტი პრაქტიკულად არც ომანში ჰქონია, სადაც 1995-2025 წლებში ჯამურად მხოლოდ $3.2 მლნ-ის პროდუქცია გაყიდა.
შედარებით განსხვავებული ვითარებაა თავად ნავთობპროდუქტების მხრივ, სადაც ძირითადად რეექსპორტის ხარჯზე, წინა წლებშიც, მცირე, მაგრამ გარკვეული მოძრაობები მაინც შეინიშნებოდა.
ნავთობპროდუქტების ექსპორტი ეკონომიკურის გარდა პოლიტიკურ დატვირთა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გამო მოხვდა. ქარხანას რუსეთისგან სანქციების არიდებაში დახმარებას ედავებოდნენ. 2026 წლის ივლისში ევროკავშირმა XXI სასანქციო პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც შეიყვანა, მიზეზად რუსული წარმოების ნედლი ნავთობის შესყიდვა და გადამუშავება დასახელდა. თუმცა ქარხნის მიმართ სანქციების რეჟიმი ჯერ არ ამოქმედებულა. ევროკავშირის განცხადებით, სანქციები იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ ქარხანა რუსული ნავთობით ოპერირებას გააგრძელებს. ქარხანას რუსულ ნავთობზე უარის სათქმელად 6-თვიანი ვადა აქვს.
ივლისში ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მფლობელმა „ბლექ სი პეტროლიუმმა“ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის გადამუშავება აგვისტო-სექტემბრიდან შეწყდებოდა.
ყულევის ნავთობტერმინალი აზერბაიჯანულ ნავთობკომპანია „სოკარს“ ეკუთვნის, ხოლო ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა, რომელიც ახლაც მშენებლობის ეტაპზეა — „ბლექ სი პეტროლიუმს“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ძირითადი აქციონერი, დიზაინერ მაკა ასათიანის კომპანიაა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, „ბლექ სი პეტროლიუმის“ წილის 70.66%-ს ფლობს შპს „მკ კაპიტალი“, ხოლო 29.34%-ს – შპს „დუნამის“. თავის მხრივ, შპს „მკ კაპიტალის“ 70%-ის წილის მფლობელია მაკა ასათიანი, ხოლო 30%-ს ფლობს შპს „თრეიდ სთოუნ იბერია“.
28 აგვისტოს ქარხანამ განაცხადა, რომ ლიბიური ნავთობი მიიღო, “ბლექ სი პეტროლიუმის” (BSP)-ის განმარტებით რუსული ნავთობის მიღება მათ 24 აგვისტოდან შეწყვიტეს.
ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი რუსეთიდან (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საერთო ჯამში, იანვარ-აგვისტოში, რუსეთიდან $269 მლნ-ის ნედლი ნავთობის იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1275-ჯერ მეტია. ნედლი ნავთობის იმპორტი კი 16%-ით 358-დან 301 მლნ დოლარამდე შემცირდა.
რაც შეეხება უშუალოდ აგვისტოს, აგვისტოში რუსული ნედლი ნავთობის იმპორტმა 31 მლნ შეადგინა, ნავთობპროდუქტების იმპორტმა – 8.5 მლნ დოლარი, რაც 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით 4-ჯერ ნაკლებია. რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი ივლისშიც თითქმის ორჯერ 43-დან 23 მლნ-მდე შემცირდა.
რუსეთს, უკრაინული დრონების თავდასხმისგან გამოწვეული დეფიციტის შემცირების მიზნით, ბენზინისა და დიზელის ექსპორტი აკრძალული აქვს. ნავთოპროდუქტებში სავარაუდოდ ბენზინი და დიზელი არ იგულისხმება. (ნავთობპროდუქტები დიზელისა და ბენზინის გარდა, მაზუთს, ბიტუმს და სხვა პროდუქციასაც აერთიანებს). საქსტატი ჩაშლილ სტატისტიკას 11 ნიშნა კოდის დონეზე, სადაც პროდუქციის უფრო დეტალურ დონეზე იქნებოდა ნახვა შესაძლებელი, არ აქვეყნებს.
