ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება კვლავ ვერ შედგა. ამის შესახებ კრისტიან დანიელსონმა პარტიებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“მე ვიქნები ძალიან მკაფიო. არსებობს ამ კრიზისის გადაწყვეტილება. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებს; ძალაუფლების გადანაწილებას, განსაკუთრებით პარლამენტში; შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას საქართველოს მომავალზე; გადაწყვეტილება, რომელიც დაასრულებდა ხანგრძლივ დებატებს საკვანძო პოლიტიზებულ სასამართლო საქმეებზე და ადრეულ არჩევნებზე; ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვს პოლიტიკურ გამბედაობას და პასუხისმგებლობას.
მე წარმოვადგინე წინადადება ასეთი გადაწყვეტილების შესახებ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. ეს ახლა იქნება საჯარო დოკუმენტი. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აყენებს ყველა სხვა საკითხზე მაღლა. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო”, — თქვა მან.
დანიელსონის თქმით, შეთანხმების გარკვეულ ელემენტებზე იყო შეთანხმება, მათ შორის მან დაასახელა საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების რეფორმა და ძალაუფლების გადანაწილება. მისი განცხადებით, “ეს პოზიტიურია და ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა”.
“საბოლოო ჯამში, საქართველოს დასავლელი პარტნიორები არ არიან აქ იმისთვის, რომ პარტიებს მოახვიონ გადაწყვეტილებები. ეს არ არის მეთოდი, რომელსაც ევროკავშირი იყენებს. ჩვენი მეთოდი არის მედიაცია. ასე რომ, საქართველოს ლიდერები უნდა წავიდნენ კომპრომისებზე და გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს”, — დასძინა კრისტიან დანიელსონმა, შემდგომ კი საქართველოს მოსახლეობას მიმართა:
“მინდა, მივმართო საქართველოს ყველა მოქალაქეს: ვიცი, რამდენად ელოდებოდით, თუ რა მოხდებოდა და სრულიად ვიზიარებ თქვენს ფრუსტრაციას. ამავე დროს, მივესალმები ყველა ძალისხმევას, რომელიც იყო პროცესის მიმდინარეობისას”.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის შეხვედრა დღეს, 30 მარტის 17:00 საათიდან მიმდინარეობდა.
მოლაპარაკებების მაგიდასთან პარტიებიდან წარმოდგენილნი იყვნენ: “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, რესპუბლიკური პარტია, “გირჩი”, “ლელო”, “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “მოქალაქეები”.
შეხვედრას არ ესწრებოდნენ “ლეიბორისტული პარტიისა” და “პატრიოტთა ალიანსის” წევრები.
წინა დღით ცნობილი გახდა, რომ კრისტიან დანიელსონს, როგორც მედიატორს, სწორედ 30 მარტის შეხვედრაზე უნდა წარმოედგინა შეთანხმების დოკუმენტის პროექტი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი იმედოვნებდა, რომ პარტიები პასუხისმგებლობას აიღებდნენ და შეთანხმების დოკუმენტს ხელს მოაწერდნენ.
კრისტიან დანიელსონი პარტიებს შორის მედიაციის მიზნით საქართველოს უკვე მეორედ, მას შემდეგ ესტუმრა, რაც მოლაპარაკებების პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ის ქვეყანაში 27 მარტის ღამით ჩამოვიდა. ვიზიტის ბოლო დღედ 30 მარტია განსაზღვრული.