ახალი ამბები

ხელისუფლების მხრიდან იყო დიალოგის ნაკლებობა — სუბარი რიონის ხეობის პროტესტზე

16 აპრილი, 2021 • 1035
ხელისუფლების მხრიდან იყო დიალოგის ნაკლებობა — სუბარი რიონის ხეობის პროტესტზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი ფიქრობს, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მიმართ ხელისუფლებისგან დიალოგის ნაკლებობა იყო. აღნიშნულის შესახებ სუბარმა ისაუბრა “რიონის ხეობის მცველებსა” და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ, რომელსაც თავადაც ესწრებოდა.

“ზოგჯერ არის, როცა მართლა ფიქრობ, რომ ორჯერ ორი არის ოთხი, ამაზე იყო 1 შეხვედრა, 2, 5 და რაღა საჭიროა მეტი, ხომ ყველასთვის ისედაც ნათელია? მაგრამ ეს არ არის სწორი და მართალი მიდგომა, იმიტომ, რომ ყოველთვის ჩვენ უნდა გვქონდეს დიალოგი იმდენჯერ, რამდენიც ეს საჭიროა.

მით უმეტეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მართლა მიმაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან იყო დიალოგის ნაკლებობა. იყო პრობლემა ის, რომ ბევრი პუნქტი ამ ხელშეკრულებიდან არ იყო ცნობილი საზოგადოებისთვის, პირადად ჩემთვისაც და ეს ყველაფერი, ბუნებრივია, დიალოგს ხელს უშლიდა”, — დასძენს ის.

სუბარის თქმით, არ იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას, რომ ჰესის მშენებელ კომპანიასთან სახელმწიფოს მიერ დადებული ხელშეკრულება “კაბალურია”.

“აბსოლუტურად არ ვიზიარებ, რომ ეს არის კაბალური ხელშეკრულება. პირიქით, მგონია, რომ ეს არის ქვეყნისთვის მომგებიანი ხელშეკრულება. თუმცა ეს არის ჩემი აზრი. შესაბამისად, იმიტომ არის დიალოგი, რომ ამ ყველაფერში პუნქტ-პუნქტად გავერკვევით”, — დასძენს ის.

სოზარ სუბარის თქმით, დიალოგი წითელი ხაზების გავლების გარეშე უნდა წარიმართოს.

“…შევთანხმდით, რომ წითელი ხაზების გარეშე ვლაპარაკობთ. ჩვენ ვთქვით, რომ ხელისუფლებაში, პირადად მეც ამ პოზიციაზე ვარ, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული ამ კონკრეტული ჰესის საჭიროებაში ქვეყნისთვის, ისევე როგორც მეორე მხარეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც ღრმად არიან დარწმუნებულები, რომ ეს ჰესი არავითარ შემთხვევაში არ უნდა აშენდეს.

დიალოგის დროს ასეთ კატეგორიებს გამოვრიცხავთ. “არ უნდა აშენდეს”, ან აუცილებლად უნდა აშენდეს”, ამით დიალოგს არ ვიწყებთ… ამიტომაც ვამბობთ, დიალოგის დროს ვსხდებით, ყველა კითხვას, რაც არსებობს, პუნქტ-პუნქტად ჩავივლით, პუნქტ-პუნქტად გავცემთ პასუხს. შესაბამისად, ან ისინი დარწმუნდებიან ამის საჭიროებაში, ან ჩვენ დავრწმუნდებით საპირისპიროში”, — დასძინა მან.

აქტივისტ ვარლამ გოლეთიანის თქმით, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, სახელმწიფოს წარმომადგენელთა მხრიდან “დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა”. მისი განცხადებით, აქტივისტებმა შეხვედრაზე სამი მოთხოვნა დააყენეს:

“1) შეწყდეს ხეობაში რეპრესიული პოლიტიკა და გამოლაგდნენ იქიდან პოლიციელები. აიღონ რკინის ფარდა, რომელიც დევს;

2) შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები;

3) დავუბრუნდეთ მშვიდობიან პროტესტს ნამახვანში. აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ კარვები, რომლებიც დაგვირბიეს”.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ხსენებულ მოთხოვნებზე საპასუხოდ რამდენიმე დღეა საჭირო.

გოლეთიანის თქმით, აქტივისტები გუმათში ბრუნდებიან და პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. სწორედ ხსენებულ მოთხოვნებზე პასუხების მიღების შემდეგ გაირკვევა, დაიწყება კონსტრუქციული დიალოგი თუ კვლავ დაიგეგმება საპროტესტო აქციები.

სამუშაო შეხვედრა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში რამდენიმე საათის მანძილზე გრძელდებოდა. ის მედიისთვის დახურული იყო.

აქტივისტებს აღვუთქვი რამდენიმე დღეში პასუხებით დაბრუნება — ბარნაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი