ახალი ამბები

ქუთაისში “რიონის ხეობის მცველები” ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან

15 აპრილი, 2021 • 1049
ქუთაისში “რიონის ხეობის მცველები” ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ქუთაისში, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, შეხვედრა მიმდინარეობს. მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა შეხვედრაზე შესვლამდე თქვა, რომ “დიალოგის აღდგენა სურს”, აქტივისტები კი ამბობენ, რომ სამომავლო დიალოგის გაგრძელებისთვის აუცილებელი პირობა რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანაა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე.

ასევე იქ იმყოფებიან პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, უმრავლესობის წევრები, დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.

შეხვედრა აქტივისტებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ფოტო: მთავრობის ადმინიტრაცია

“რიონის ხეობის მცველების” მხრიდან მათ ვარლამ გოლეთიანი, მარიტა მუსელიანი და მირზა ნოზაძე ხვდებიან. პარალელურად, შენობასთან ჰესის მშენებლობის სხვა მოწინააღმდეგეები რჩებიან.

“დღეს იმერეთის რეგიონში ჩამოსული ვარ პრემიერ-მინისტრის დავალებით, რათა შევხვდე აქციის მონაწილეებს, რომლებიც აპროტესტებენ ნამახვანჰესის მშენებლობას.

პრემიერ-მინისტრის დავალებით ამ შეხვედრაზე გვინდა აღვადგინოთ დიალოგი აქციის მონაწილეებთან, მოვუსმინოთ მათ შენიშვნებს, წინადადებებს და დავსახოთ შემდგომი მოქმედების ღონისძიებები”, — უთხრა მედიას ლერი ბარნაბიშვილმა.

სამტრედიის, წყალტუბოსა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე დასძენს, რომ “ყველაფერზე შეიძლება საუბარი”, თუმცა ჯერ უნდა გაეცნოს პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნებს. ჟურნალისტის რეპლიკას, რომ აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა გუმათჰესთან განთავსებული რკინის ბარიერების აღებაა, ჭიჭინაძემ ასე უპასუხა:

“ყველაფერზე შეიძლება საუბარი, ყველაფერი შეიძლება განვიხილოთ. არც ეგაა გამორიცხული, რომ ლითონის კონსტრუქციები ავიღოთ. თუმცა, თქვენ იცით, რომ ადამიანი დაიღუპა რამდენიმე დღის წინ, რიონიც ადიდებულია. დღეს თვითონ განაცხადეს ორგანიზატორებმა, რომ მოსალოდნელია პროვოკაციები, უცნობი ჯგუფები იყვნენ შესულები. ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ”.

“რიონის ხეობის მცველს”, ვარლამ გოლეთიანს, დღევანდელ შეხვედრაზე შინაარსობრივი საუბრის იმედი არ აქვს. მისი თქმით, დღეს მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს განიხილავენ სამომავლო დიალოგთან დაკავშირებით.

“დღევანდელი საუბარი, რა თქმა უნდა, არ იქნება შინაარსობრივი, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ არ ვისაუბრებთ ახლა ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე.

უბრალოდ, თქვენ იცით, რომ საპატრიარქოს მოწოდებაც იყო ის, რომ მხარეები დამსხდარიყვნენ დიალოგზე, ამიტომ ტექნიკურ დეტალებზე შევთანხმდებით. თუ გაგრძელდება დიალოგი, რა ფორმატში, როგორ უნდა გაგრძელდეს ჩვენი დიალოგი. ამაზე იქნება [საუბარი]”, — უთხრა მან ჟურნალისტებს.

გოლეთიანის განცხადებით, თუ სახელმწიფომ აქტივისტების მიმართ “რეპრესიული პოლიტიკა” განაგრძო, დიალოგისთვის სივრცე აღარ დარჩება.

“ჩვენ მოლოდინებს ვსაზღვრავთ გუმათში არსებული მდგომარეობით და იქ არსებული მდგომარეობა იცით, რაც არის. გამაგრდა პოლიცია დღეს იქ, გაშალეს კარვები და, როგორც ჩანს, წასვლას არ აპირებენ.

ამიტომ, განცდა გვრჩება იმისა, რომ ის რეპრესიული დამოკიდებულება, რაც არსებობს ჩვენი მისამართით, როგორც ჩანს, ამის მოშლას არ აპირებენ. თუ ეს ასე გაგრძელდა, ჩვენ დიალოგის სივრცეს ვერ ვხედავთ, რა თქმა უნდა, და დიალოგის შემდგომ გაგრძელებაზე, ამ შემთხვევაში, თანახმა არ ვიქნებით.

ჰესის არაშენება კონკრეტულად ამ ხალხთან ვერ განიხილება ფიზიკურად. აქ უნდა დაიგეგმოს უშუალოდ შეხვედრების ტექნიკური მხარე: როგორი იქნება ჩვენი შემდგომი შეხვედრები.

რაც შეეხება უშუალოდ ნამახვანში მიმდინარე მოვლენებს, ჩვენი მოთხოვნაა ის, რომ თუკი ზოგადად უნდა ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით, გაგრძელდება თუ არა დიალოგი ხვალ და ზეგ, პოლიცია უნდა გამოლაგდეს ხეობიდან. ეს არის ჩვენი უპირობო მოთხოვნა”, — აღნიშნა მან.

ვარლამ გოლეთიანმა ასევე დაამატა, რომ აქტივისტებს სურდათ, შეხვედრა მედიისთვის ღია ყოფილიყო, თუმცა ამას ვერ მიაღწიეს. მისი განცხადებით, “რიონის ხეობის მცველები” თავად გადაიღებენ შეხვედრას და ჩანაწერს მოგვიანებით, სოციალურ ქსელში განათავსებენ.

ხსენებული შეხვედრის გეგმების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციამ ცნობა დღეს გაავრცელა. აქტივისტების თქმით, ეს ინფორმაცია მათაც დღეს, საღამოს შეატყობინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი