პარტია “ლელოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გიორგი გახარიას აკრიტიკებს და “ქართული ოცნებიდან” მისი გუნდის გამოყოფას ბიძინა ივანიშვილის ტაქტიკის ნაწილად განიხილავს. მისივე განცხადებით, დროა, გახარიამ მოუყვეს საზოგადოებას, “რატომ გააჩერა ანაკლიის პორტი” და ასევე ისაუბროს მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ ე.წ. მუქარის წერილზე, რომლის “მთავარი მონაწილეც”, ჯაფარიძის თქმით, სწორედ გახარია იყო.
“ჩვენ მოვისმინეთ გახარიას ერთ-ერთი თანაგუნდელის შეფასება, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამართლიან სახელმწიფოში, არ გვყავს პოლიტიკური პატიმრები და ასევე, გვახსოვს თავად გახარიას ფრაზა, რომ ივანიშვილი არის ქვეყნის სისტემური მზღვეველი და მისი სახით “ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა”. ამიტომ საინტერესოა, ვის მიმართ არიან ისინი ოპოზიციაში?” — აღნიშნულია “ლელოს” ლიდერის განცხადებაში.
ჯაფარიძე გახარიას პრემიერობის პერიოდს იხსენებს და აღნიშნავს, რომ “მას არ ჰქონდა კრიზისების მართვის უნარი”, რის ერთ-ერთ მაგალითადაც “ლელოს” ლიდერს მოჰყავს “ძალიან დაგვიანებული ვაქცინაციის პროგრამა”, ასევე, “ქართული ეკონომიკის კატასტროფული მდგომარეობა”.
“ლელოს” ლიდერის თქმით, “ამ დროისთვის გახარიას პარტია არის ვირტუალური და არანაირ ოპოზიციურ ძალას არ წარმოადგენს”.
“შესაბამისად, ეს ადასტურებს იმ ვერსიას, რომელიც გამოთქმული იყო არაერთხელ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოყვანილი მოთამაშე იმისათვის, რომ შეაჩეროს “ქართული ოცნების” ელექტორატის რღვევა, რომელიც სახეზეა და გამოწვეულია „ოცნების“ დღევანდელი ლიდერების რადიკალიზმით და არაკონსტრუქციული ნაბიჯებით”, — დასძენს ის.
ბადრი ჯაფარიძე თავის განცხადებაში ასევე იხსენებს ე.წ. მუქარის წერილს მამუკა ხაზარაძის მიმართ და ანაკლიის პორტის პროექტის გარშემო შექმნილ პრობლემებს. ის ორივე შემთხვევაში გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
“…დრო,ა გიორგი გახარიამ, გულახდილად მოუყვეს საზოგადოებას, ჩვენ მიმართ გადმოცემული მუქარის წერილის ისტორია, რომლის მთავარი მონაწილეც თავად იყო. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას უნდა უთხრას, რატომ გააჩერა ანაკლიის პროექტი, ვისი დავალებით გააჩერა, რატომ მიაყენა ამხელა ზიანი ქვეყანას, რატომ გააქცია ინვესტორები ქვეყნიდან.
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არის აუცილებელი პირობა, რომ შემდგომში მისი სხვა განცხადებები იყოს მეტ-ნაკლებად სანდო და სიმართლესთან კავშირში. მე ვაფასებ სინანულის, პატიების და მიტევების უნარს. ამიტომ კითხვები, რომელიც გახარიას მიმართ დაგროვდა, მისი მხრიდან მოითხოვს გულწრფელ პასუხებს. თუ გახარია ამას გააკეთებს, დაგვანახებს კეთილსინდისიერი ადამიანის საქციელს.
აღიარების და მონანიების გარეშე, ყველაფერი იქნება პირფერობის და სიცრუის გაგრძელება, რასაც ვხედავდით მისი მმართველობის დროს”, — დასძენს ჯაფარიძე.
ბადრი ჯაფარიძე გულისხმობს წერილს, რომელზეც “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე 2019 წელს ალაპარაკდა. ის ამბობდა, რომ წერილი გიორგი გახარიასგან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მაშინ მიიღო, როცა გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, თავად ხაზარაძე კი ჯერ კიდევ TBC ბანკში საქმიანობდა. გახარიამ ბრალდება უარყო.
მოგვიანებით, გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ წერილის ასლი გაავრცელა. ის შეიცავს კონკრეტულ მოთხოვნებს ხაზარაძის მიმართ. მათ შორისაა ორი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. ამასთან, წერილის მიხედვით, მამუკა ხაზარაძეს უნდა ესაუბრა იმ მძიმე “პირობებზე”, რომელშიც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში ბიზნესს უწევდა ყოფნა.
2020 წლის აგვისტოში პროკურატურამ თქვა, რომ წერილზე არ აღმოჩნდა გიორგი გახარიას ანაბეჭდები. “ლელომ” უწყების ამ განცხადებას “პოლიტიკური მანიპულაცია” უწოდა. მაშინ პარტიაში აღნიშნეს, რომ ექსპერტიზის თანახმად, წერილზე არის 20-მდე თითის ანაბეჭდი და პროკურატურამ უნდა დაადგინოს, თუ ვის ეკუთვნის ისინი.
გახარიას გუნდის პოზიცია 20 ივნისზე, მელიაზე, რურუასა და ივანიშვილზე