ახალი ამბები

რა კავშირშია თიბისის საქმე ტვ პირველსა და “არტარეასთან”

6 მარტი, 2019 • 3821
რა კავშირშია თიბისის საქმე ტვ პირველსა და “არტარეასთან”

პროკურატურამ დღეს მამუკა ხაზარაძის მიერ გამოძიებისთვის გადაცემული წერილი (ასლი) გაასაჯაროა, სადაც ტელეკომპანია პირველი და არტარეაც არის ნახსენები.

კერძოდ, ლაპარაკია იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია პირველს “იმედის” მსგავსი სარედაქციო პოლიტიკა უნდა ჰქონდეს. როგორც ცნობილია, არჩევნების პერიოდში იმედი “საგანგებო რეჟიმზე” გადავიდა.  პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც უწყების მტკიცებით, იმ წერილის ასლია, რის შესახებაც მამუკა ხაზარაძე საუბრობდა შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის კონტექსტში, ასევე ნახსენებია ტელეკომპანია “არტარეა”: “არტარეას” უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი”.

რა კავშირშია ტელეკომპანია არტარეა და ტვ პირველი თიბისის საქმესთან?

არტარეა სატელევიზიო არხია, რომელიც კულტურას აშუქებს. არტარეა თიბისის პროექტია, მისი წილის 100%-ის მფლობელი თიბისი ფონდია.

რაც შეეხება ტვ პირველს, მისი მფლობელია ბიზნესმენი ვახტანგ (ვატო) წერეთელი, რომელიც ასევე ბიზნესმენის, ავთანდილ წერეთლის შვილია. ავთანდილ წერეთელი მამუკა ხაზარაძემ თავის დიდი ხნის ბიზნესპარტნიორად და მეგობრად მოიხსენია, რომელთან ურთიერთობებსაც “ძალიან აფასებს”.

პროკურატურის მიერ ფულის გათეთრების მუხლით დაწყებული გამოძიების საქმეში ფიგურანტები ავთანდილ და ვახტანგ წერეთლებიც არიან. სამგორის იმპორტიორ კომპანიებს, რომლებსაც პროკურატურის თანახმად ბანკმა  2007-2008 წლებში 17 მილიონი დოლარი ასესხა და შემდეგ ის ხაზარაძე/ჯაფარიძის ანგარიშებზე გადაირიცხა, სწორედ აღნიშნული ბიზნესმენები ფლობდნენ.

ხაზარაძის განმარტებით, ავთო წერეთლის კომპანიებს თიბისიში 2007 წელს 35 მილიონის საკრედიტო ხაზი ჰქონდათ გახსნილი და თანხის მიღება ბანკისგან უმარტივესად შეეძლოთ, თავის საკრედიტო ოფიცერთან მხოლოდ ერთი ზარის განხორციელების მეშვეობით. ხაზარაძე და ჯაფარიძე ამბობენ, რომ 2007-2008 წლებში სხვადასხვა სუბიექტისაგან ბანკის კაპიტალის გასაზრდელად, ჯამში, 80 მილიონი ისესხეს, მათ შორის 17 მილიონი ავთო წერეთლისგან, და თავიდან საერთოდ არ იცოდნენ, რომ წერეთელმა ეს ფული თიბისიდან გამოიტანა.

2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, მამუკა ხაზარაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დროს მისი და სხვა ბიზნესები არაერთხელ გამხდარა სახელმწიფო შევიწროების მსხვერპლი. იმ განცხადების მიხედვით,  “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებისგან ბოლო დროს ისმის განცხადებები, რომლებიც შეიცავს მოწოდებას კერძო ქონების ჩამორთმევა-ექსპროპრიაციისკენ, რაც “სრულიად მიუღებელია”.


პროკურატურის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ დაკითხვისას წარადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი დოკუმენტი, “რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის, არც შედგენის თარიღი, ადგილი და შემდგენის ვინაობა”.

“ხაზარაძემ სიტყვიერად განმარტა, რომ მუქარის წერილის დედანი კვლევისთვის საზღვარგარეთ აქვს გაგზავნილი და ამიტომ გამოძიებას წარმოუდგინა მხოლოდ ამ ე.წ. დოკუმენტის ასლი. გარდა ამისა, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა იმ შუამავლის  ვინაობა,  ვინც მას ეს ე.წ. წერილი, მისი სიტყვების თანახმად, გადასცა.

აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, გამოძიება ამ ეტაპზე მოკლებულია მამუკა ხაზარაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და მისი უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას, რადგან ვერც  დოკუმენტის ავთენტიკურობის დადგენის მიზნით მოახდენს ექსპერტული კვლევის ინიცირებას, რადგან სახეზე მხოლოდ ე.წ. დოკუმენტის ასლია და ვერც ე.წ. შუამავალს დაკითხავს, მოწმე ხაზარაძის მიერ მისი ვინაობის გაუმჟღავნებლობის გამო.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურა აქვეყნებს სასამართლოში მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილ ე.წ. დოკუმენტს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სასამართლოში დაკითხვისას მოწმე ხაზარაძემ სრულყოფილად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან,” – წერია პროკურატურის განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი