ახალი ამბები

ხაზარაძის მიმართ „მუქარის წერილზე“ გახარიას ანაბეჭდები არ აღმოჩნდა – პროკურატურა

21 აგვისტო, 2020 •
ხაზარაძის მიმართ „მუქარის წერილზე“ გახარიას ანაბეჭდები არ აღმოჩნდა – პროკურატურა

პროკურატურა აცხადებს, რომ „სამხარაულის“ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, „მუქარის წერილის“ დედანზე, რაც, მამუკა ხაზარაძის თქმით, გიორგი გახარიასგან მიიღო არჩევნების წინ, გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.

2019 წლის 4 მარტს მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრისაგან, გიორგი გახარიასაგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო [გახარია ამჟამად პრემიერის პოსტს იკავებს].

ხაზარაძის ამ განცხადებასთან დაკავშირებით იმავე წლის 6 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე მოსამართლის წინაშე დაიკითხა, რა დროსაც, პროკურატურის თანახმად, გამოძიებას მხოლოდ ზემოხსენებული წერილის ასლი წარუდგინა, ვინაიდან, ხაზარაძის განცხადებით, დედანი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით დიდ ბრიტანეთში იყო გაგზავნილი.

როგორც პროკურატურა წერს ახალ განცხადებაში, მოგვიანებით, 2019 წლის 21 ოქტომბერს, წერილის დედანი საქართველოს გენერალურ პროკურატურას ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის მასალებთან ერთად გადაეცა.

პროკურატურა აცხადებს, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა შემხვედრი დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები, „რა დროსაც მოხდა წარმოდგენილ წერილზე არსებული თითის ანაბეჭდის კვალის და მათი ვარგისიანობის იდენტიფიცირება, ასევე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ და ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების შედარება, რაც სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან“.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასაგან მოხდა დაქტილოსკოპიური კვლევისათვის საჭირო საკონტროლო ნიმუშების აღება, რომლებიც წერილზე იდენტიფიცირებულ თითის კვლების ნიმუშებს შეადარეს. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წერილზე არსებული თითის კვალი არ ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას“, – წერია პროკურატურის მიერ 21 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

„გვსურს საზოგადოებას დამატებით ვაცნობოთ, რომ წერილზე თითის კვალის დამტოვებელი პირის იდენტიფიცირების და მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ გაკეთებული განცხადების შესწავლის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ნახეთ ასევე:

 

გახარიას მუქარის წერილზე 20-მდე ანაბეჭდია, დაადგინონ, ვის ეკუთვნის – ნაცვლიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი