ახალი ამბები

მელაშვილმა, ხუსკივაძემ და კობალაძემ მელია-რურუას მხარდასაჭერად ბაიდენს წერილით მიმართეს

7 აპრილი, 2021 • 1087
მელაშვილმა, ხუსკივაძემ და კობალაძემ მელია-რურუას მხარდასაჭერად ბაიდენს წერილით მიმართეს

ივერი მელაშვილმა, აკაკი ხუსკივაძემ და აკაკი კობალაძემ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ნიკა მელიასა და გიორგი რურუას მხარდასაჭერად წერილით მიმართეს. წერილი აშშ-ის საელჩოში დღეს, 7 აპრილს, მიიტანეს.

ივერი მელაშვილი “კარტოგრაფების საქმეზეა” ბრალდებული, აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს კი პროკურატურა ედავება ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილისთვის ქრთამის მიცემას, მუქარასა და იძულებას, რის შემდეგაც გობეჯიშვილი გარდაიცვალა. ყველა ბრალდებული ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

“პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც ბატონი მელია, ასევე რურუა, არიან პოლიტიკური დევნილები, ისევე, როგორც ჩვენ ვიყავით თავის დროზე. შესაბამისად, მხარდაჭერას გამოვთქვამთ, ვისწრაფვით იმისკენ, რომ ეს შეწყდეს”, — განაცხადა ივერი მელაშვილმა.

როგორც აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე ამბობენს,  ჯო ბაიდენს, როგორც დემოკრატიული სამყაროს ლიდერს მიმართავენ, რათა ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო ზეწოლა განხორციელდეს.

“21-ე საუკუნეში, ევროპულ სახელმწიფოში და ევროსაბჭოს წევრ ქვეყანაში და ქვეყანას, რომელსაც აქვს პრეტენზია ევროკავშირში გაერთიანებაზე,  გვყავს ორი პოლიტიკური პატიმარი, გიორგი რურუა და ნიკა მელია. გაუგონარი ფაქტია. მივმართავთ პრეზიდენტ ბაიდენს, რათა მან, როგორც დემოკრატიული სამყაროს ლიდერმა, მოახდინოს გავლენა საქართველოში დემოკრატიულ პროცესებზე”, — განაცხადა აკაკი კობალაძემ

მასალების გადაბეჭდვის წესი