ახალი ამბები

ისნის საოლქოს თავმჯდომარის საქმეზე ბრალდებულები გირაოთი გაათავისუფლეს

10 დეკემბერი, 2020 •
ისნის საოლქოს თავმჯდომარის საქმეზე ბრალდებულები გირაოთი გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის საქმეზე ბრალდებულები – აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე – წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი პატიმრობა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით – გირაოთი შეცვალა, რომლის ოდენობა თითოეულისთვის 10 ათასი ლარია.

გათავისუფლების შემდეგ ბრალდებულმა აკაკი კობალაძემ თქვა, რომ მისთვის მოულდენლი იყო დღეს მისი და აკაკი ხუსკივაძის გათავისუფლება. ტვ “პირველის” ეთერში მეორე ბრალდებულმა აკაკი ხუსკივაძემაც აღნიშნა, რომ შოკირებულია მოულოდნელი გათავისუფლებით.

სამართალდამცავები ხუსკივაძესა და კობალაძეს ქრთამის მიცემას, მუქარასა და იძულებას ედავება გარდაცვლილი გობეჯიშვილის მიმართ, რომელიც შემდეგ გარდაიცვალა.

“საქმის მასალების თანახმად, 6 ნოემბერს თბილისში ბრალდებულები პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შეხვდენენ ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შესთავაზეს თანამდებობის დემონსტრაციულად დატოვება და არჩევნების თითქოსდა გაყალბების თაობაზე მასმედიის თანდასწრებით განცხადების გაკეთება. არჩევნების გაყალბების და თანამდებობის დატოვების თაობაზე განცხადების გაკეთების შემთხვევაში, ბრალდებულები გობეჯიშვილს მეტი სარგებლის მიღებას დაჰპირდნენ, ხოლო უარის შემთხვევაში დაემუქრნენ დაპატიმრებით და ასევე მისი და ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებით, რითაც აიძულებდნენ შეთავაზებაზე დათანხმებას”, – აცხადებენ პროკურატურაში.

ბრალდებას პოლიტიკურად მიიჩნევენ როგორც თავად ბრალდებულები, ისე – ოპოზიციური პარტიები.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი