ახალი ამბები

59% თქმით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება – IRI-ის კვლევა

5 აპრილი, 2021 •
59% თქმით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება – IRI-ის კვლევა

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI-ს) კვლევით, გამოკითხულთა 59% ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 30% კი თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

2020 წლის ივნისის კვლევასთან შედარებით 6%-ით არის გაზრდილი იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. წინა კვლევასთან შედარებით 8%-ით შემცირდა მათი  რიცხვი, ვინც თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

კვლევისას საქართველოს მოქალაქეებს ასევე ჰკითხეს გასული ერთი წლის განმავლობაში საქართველოში არსებულ ეკონომიკური მდგომარეობზე. გამოკითხულთა 76% ფიქრობს, რომ ბოლო 12 თვეში ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. გამოკითხულთა 71% აცხადებს, რომ მათი ოჯახის ახლანდელი ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია. მხოლოდ 27% ამბობს, რომ ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა მათ ოჯახებში კარგია.

კითხვაზე, ბოლო ერთ წელში როგორ შეიცვალა თქვენს ოჯახში ეკონომიკური მდგომარეობა, გამოკითხულთა 63% ამბობს, რომ მათი ოჯახების მდგომარეობა გაუარესდა.

კვლევისას ასევე იკითხეს, ყველაზე დიდი პრობლემა რომელია, რომლის წინაშეც ქვეყანა იმყოფება. დასახელებული პირველი სამი პრობლემა ეკონომიკურ-სოციალურ საკითხებს უკავშირდება. გამოკითხულთა 49% ამბობს, რომ უმთავრესი პრობლემა უმუშევრობაა, 16% ფიქრობს, რომ ცხოვრების ხარჯები და მაღალი ფასებია პრობლემა, ხოლო მესამე ადგილზე 8%-ით სიღარიბეა. კითხვაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა თქვენი ოჯახებისთვის, გამოკითხულთა 29% ასახელებს უმუშევრობას, 13% -სიღარიბეს, ხოლო 8%- ეკონომიკას.

რაც შეეხება კითხვას, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა თქვენს ქალაქებში/სოფლებში, 31%-ით აქაც უმუშევრობა ლიდერებოს. 10% სასმელ წყალს ასახელებს, 7% -გზებსა და ეკონომიკას.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი