ახალი ამბები

თუ ნამოხვანისკენ არ გაგვიშვებენ, გზის გახსნამდე გუმათში გავჩერდებით – გოლეთიანი

4 აპრილი, 2021 •
თუ ნამოხვანისკენ არ გაგვიშვებენ, გზის გახსნამდე გუმათში გავჩერდებით – გოლეთიანი

„რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ დღევანდელი აქციის მოთხოვნაა, პოლიციამ გახსნას გზა ნამოხვნისკენ, — დემონსტრაციის ძირითადი ადგილისკენ, — წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ახალ ბანაკს გაშლიან გუმათში.

„ხელისუფებას არა აქვს საფუძველი, შეგვიზღუდოს გადაადგილება ჩვენი პროტესტის ძირითად ადგილამდე მისასვლელად. ამიტომ, დღევანდელი შეკრება ამ მოთხოვნას ემსახურება, — გაგვითავისუფლონ გზა და გადავაადგილდეთ შეუზღუდავად“, – უთხრა მან „ნეტგაზეთს“.

„ხედავთ, რომ შსს-ს ტექნიკა მობილიზებულია და ყველანაირიად ცდილობენ, შეგვიზღუდონ ეს კანონიერი უფლება“, – ამბობს იგი. აღნიშნულ მიდამოებში დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. ადგილზე მიყვანილია წყლის ჭავლის მანქანა.

აქტივისტები ამჟამად ნამოხვანიდან, — სადაც რამდენიმე თვეა კარვებია გაშლილი, — სოფელ გუმათში არიან გადმოსულები. სწორედ გუმათთან არის დიდი რაოდენობით პოლიციელი გამაგრებული.

დემონსტრანტები წინა დღიდან მოყოლებული ითხოვენ, ნამოხვანში მისასვლელი გზა გაიხსნას.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი არ გაითვალისწინებენ ჩვენს მოთხოვნას [და გზას არ გაგვიხსნიან], ვეცდებით, აქვე გავათიოთ ღამე. როგორც ნამოხვანში ჩვენი მეგობრები არიან, აქაც შევქმნით ისეთ პირობებს, რომ აქაც გავჩერდეთ, ვიდრე გზა არ გაიხსნება. მოგვიწევს ასეთი ნაბიჯის გადადგმა“, – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

მისი თქმით, აქციის ძირითადი მოთხოვნები იგივე რჩება: დატოვოს კომპანია „ენკამ“ ხეობა, გაუქმდეს კომპანიასთან ხელშეკრულება და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გადადგეს.

„სამართლიანი და ლეგიტიმური მოთხოვნების უგულებელყოფა არ უნდა აწყობდეს ხელისუფლებას“, – ამბობს ადგილობრივი აქტივისტი.


ვითარება ხეობაში წინა დილიდან დაიძაბა — მას შემდეგ, რაც კომპანიის ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძე იქ ჩავიდა, მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შეხვდა და უთხრა, რომ ადგილზე ჰესის წინამოსამზადებელი სამუშაოები უნდა გაგრძელებულიყო.

ადგილზე დილიდანვე პოლიცია იყო მობილიზებული. სამუშაოები მალევე განახლდა, რაც ადგილობრივებმა გააპროტესტეს. შსს-მ ორი ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა. მათ პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

შსს-მ დაადასტურა მანამდე აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პოლიციამ რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება შეზღუდა. უწყებამ ეს უსაფრთხოების დაცვით ახსნა.

რაც შეეხება სოფელ ნამახვანში მობილიზებულ სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც პროტესტის ზოგიერთი მონაწილე სიგნალის დამხშობად განიხილავდა: შსს-მ თქვა, რომ ის „რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს“.

3 მარტს, გვიან ღამით, სოფელ გუმათში პოლიციამ დააჯარიმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტები, რომელთაც სოფელ ნამახვანში ჩასვლა კარვებში მყოფ თანამოაზრეებთან შეერთება სურდათ.

რიონის ხეობაში თვეების მანძილზე აპროტესტებენ მდინარეზე ჰესების კასკადის მშენებლობას. პროტესტის მონაწილეებს ხეობის სოფელ ნამახვანში კარვები აქვთ გაშლილი. მათი ორგანიზებით ორჯერ გაიმართა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია ქუთაისის ცენტრში.

სოფელ გუმათში “კომენდანტის” დარღვევისთვის დაგვაჯარიმეს: “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეები

მასალების გადაბეჭდვის წესი