ახალი ამბები

რიონის ხეობაში გადაადგილება უსაფრთხოების მიზნით იზღუდება — შსს

3 აპრილი, 2021 • 1521
რიონის ხეობაში გადაადგილება უსაფრთხოების მიზნით იზღუდება — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება “გარკვეულ მიმართულებებზე” შეზღუდულია. მანამდე, რიონის ხეობაში “ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ პოლიცია სოფელ ნამახვანში პროტესტის მონაწილეებს არ უშვებს.

ნამახვანსა და მის მიმდებარედ პოლიციის მობილიზებას წინ უძღოდა ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების განახლება 3 აპრილის დილით.

“[შსს-ს] სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ნამახვანჰესის წინამოსამზადებელი სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, რიონის ხეობაში დილიდან არიან მობილიზებულები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს.

უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად”, — ნათქვამია განცხადებაში.

შსს ასევე დასძენს, რომ ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, “სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს”.

მანამდე, შსს-მ ბათუმელებს დაუდასტურა ინფორმაცია, რომ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით პროტესტის 2 მონაწილე დააკავეს.

ნამახვანში პროტესტის 2 მონაწილე დავაკავეთ — შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი