ახალი ამბები

ნამახვანში პროტესტის 2 მონაწილე დავაკავეთ — შსს

3 აპრილი, 2021 • 1389
ნამახვანში პროტესტის 2 მონაწილე დავაკავეთ — შსს

ნამახვანში, სადაც ადგილობრივები ჰესის ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობას აპროტესტებენ, პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა. ინფორმაცია “ბათუმელებს” შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, ორივე მათგანი დაკავებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით,  მუხლით — 166-ე და 173-ე მუხლებით.

166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, 173-ე კი — პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

დღეს, 3 აპრილს, კომპანია “ენკამ” სოფელ ნამახვანში ნამახვანჰესის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა, რასაც ადგილობრივთა პროტესტი მოჰყვა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. აქტივისტთა ცნობით, გადაკეტილია ნამახვანში შესასვლელი გზებიც.

“პოლიციის გაძლიერებული რეჟიმი ჩააყენეს და გააგრძელეს მოსამზადებელი სამუშაოები”, — უთხრა აქტივისტმა ნუგზარ გოდოლაძემ “ნეტგაზეთს”.

მისი თქმით, სოფელ ნამახვანისკენ მიმავალი გზები პოლიცია აქვს გადაკეტილი, რის გამოც პროტესტის მონაწილეები ადგილზე ან ვერ ჩადიან, ან შემოვლითი გზებით სარგებლობა უწევთ.

“გადაკეტილია ორივე მხრიდან… უშუალოდ მე მქონდა საუბარი სამხარეოს უფროსის მოადგილესთან, რომ გამერკვია, რატომ იყო გზები დაკეტილი. პასუხი ის იყო, რომ ეგრეა საჭიროო. ვუთხარი, ბიჭები მოდიან ლეჩხუმიდან, სიცივეში დგანან, გამოატარეთ მეთქი. არაუშავს, მანქანებში იქნებიან, თბილად იქნებიანო. ხალხი რომ არ მოგვემატოს, იმისთვის არის ეს, ზემოდან მიღებული ბრძანება”, — აღნიშნავს ის.

რიონის ხეობაში გადაადგილების შეზღუდვას შსს-ში ადასტურებენ და აღნიშნულს უსაფრთხოების დაცვით ხსნიან.

ნუგზარ გოდოლაძის ცნობით, ნამახვანსა და მის მიმდებარედ პოლიციის რაოდენობა საგრძნობლად არის გაზრდილი. მისი თქმით, თუ გასულ დღეებში ადგილზე პოლიციის რამდენიმე მანქანა იდგა, დღეს მათი რიცხვი რამდენიმე ათეულს შეადგენს.

“ვცდილობთ, რომ სამართლებრივ ჩარჩოებში მოხერხდეს ეს ყველაფერი. არანაირ რადიკალურ ზომებს არ მივმართავთ”, — აღნიშნავს ადგილობრივი აქტივისტი.

სოფელ ნამახვანში სამუშაოების განახლება “ნეტგაზეთს” კომპანია “ენკაც” უდასტურებს. კომპანიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ “ენკას” ოპერირება არც აქამდე შეუწყვეტია, თუმცა კონკრეტულ უბანზე სამუშაოები დღეს განახლდა.

“კომპანია ოპერირებდა ჩვეულებრივ რეჟიმში. კონკრეტულად ამ მონაკვეთზე დღეს ამოვიდა მძიმე ტექნიკა.

ახლა კონკრეტულად სოფელ ნამახვანში მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები… ამ ადგილას უნდა გავიყვანოთ სადერივაციო გვირაბი”, — აღნიშნავენ მშენებელი კომპანიის პრესცენტრში.

სამუშაოების განახლებას წინ უძღოდა “ნამახვანჰესის” დირექტორის, მერაბ ლომინაძის ვიზიტი საპროექტო ტერიტორიაზე. ის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებსაც შეხვდა. მან ადგილზე შეკრებილებს უთხრა, რომ ხსენებული სამუშაოები გაგრძელდებოდა.

“ამას თავში გეუბნებით. მოსამზადებელი სამუშაოები რომ უნდა შესრულდეს, ამაში დარწმუნებული ვარ”, — აღნიშნა მან.

ადგილობრივმა აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა მერაბ ლომინაძეს უთხრა, რომ ის პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნების ადრესატი არ არის.

“თქვენი აზრით, ბატონ ზექი ქოჯაოღლუს ან ბარან ოზგენს რატომ ვერ დავუსვამდით იმავე კითხვებს, რასაც თქვენ გისვამთ? იმიტომ, რომ არ იყო ადრესატი და თქვენ რომ მოგვევლინეთ ახლა დღეს, თქვენ რატომ გახდებოდით ადრესატი, რადგან ქართველი ხართ?.. ეგაა ზუსტად ქსენოფობია: გაუშვა ხელისუფლებამ თურქი და მოგიყვანათ თქვენ. ჩვენ ვემიჯნებით ამ ქმედებას”, — მიმართა გოლეთიანმა ლომინაძეს.

დირექტორის ვიზიტის პარალელურად, ადგილზე პოლიცია უკვე მობილიზებული იყო. ადგილობრივთა კითხვაზე, რას უკავშირდება აღნიშნული, მერაბ ლომინაძემ თქვა, რომ პოლიციას თავისი დღის წესრიგი აქვს.

რიონის ხეობაში თვეების მანძილზე აპროტესტებენ მდინარეზე ჰესების კასკადის მშენებლობას. პროტესტის მონაწილეებს ხეობის სოფელ ნამახვანში კარვები აქვთ გაშლილი. მათი ორგანიზებით, ორჯერ გაიმართა საპროტესტო აქცია ქუთაისის ცენტრში, რომელსაც ათასობით ადამიანი დაესწრო.

მიმდინარე კვირაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მშენებელ კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწიეს და “ნამახვანი ჰესის” კაშხლის სამშენებლო სამუშაოები დროებით, 9-12 თვემდე შეჩერდება.

სქრინი გარეკანზე: Facebook/Khvicha Vashakmadze

რიონის ხეობაში გადაადგილება უსაფრთხოების მიზნით იზღუდება — შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი