ახალი ამბები

მოსამზადებელი სამუშაოები გაგრძელდება, ამას თავში გეუბნებით — “ნამახვანჰესის” დირექტორი აქტივისტებს

3 აპრილი, 2021 • 1694
მოსამზადებელი სამუშაოები გაგრძელდება, ამას თავში გეუბნებით — “ნამახვანჰესის” დირექტორი აქტივისტებს

“ნამახვანი ჰესის” დირექტორი მერაბ ლომინაძე, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე მარტის ბოლოს დანიშნეს, საპროექტო ტერიტორიაზე ჩავიდა. ის სოფელ ნამახვანში მშენებლობის საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეებს შეხვდა და უთხრა, რომ პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები გაგრძელდება.

“პროცესი არ შეჩერდება, მოსამზადებელი სამუშაოები გაგრძელდება. ამას თავში გეუბნებით. მოსამზადებელი სამუშაოები რომ უნდა შესრულდეს, ამაში დარწმუნებული ვარ”, — აღნიშნავს ის.

ლომინაძემ ასევე თქვა, რომ “მანამ, სანამ არ მოხდება იმ დასკვნების დადასტურება ან უარყოფა, არანაირი ძირითადი მშენებლობები არ მოხდება”. აქტივისტების კითხვაზე, რას გულისხმობს არაძირითადი მშენებლობები, ლომინაძემ თქვა, რომ შეიძლება, ეს მოიცავდეს გზის ან იმ საცხოვრებლის მომზადებას, რომელშიც, შესაძლოა, მუშა-მოსამსახურეები განთავსდნენ.

ადგილობრივმა აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა მერაბ ლომინაძეს უთხრა, რომ ის პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნების ადრესატი არ არის.

“თქვენი აზრით, ბატონ ზექი ქოჯაოღლუს ან ბარან ოზგენს რატომ ვერ დავუსვამდით იმავე კითხვებს, რასაც თქვენ გისვამთ? იმიტომ, რომ არ იყო ადრესატი და თქვენ რომ მოგვევლინეთ ახლა დღეს, თქვენ რატომ გახდებოდით ადრესატი, რადგან ქართველი ხართ?.. ეგაა ზუსტად ქსენოფობია: გაუშვა ხელისუფლებამ თურქი და მოგიყვანათ თქვენ. ჩვენ ვემიჯნებით ამ ქმედებას”, — მიმართა გოლეთიანმა ლომინაძეს.

დირექტორის ვიზიტის პარალელურად, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ადგილობრივთა კითხვაზე, რას უკავშირდება აღნიშნული, მერაბ ლომინაძემ თქვა, რომ პოლიციას თავისი დღის წესრიგი აქვს.

რიონის ხეობაში თვეების მანძილზე აპროტესტებენ მდინარეზე ჰესების კასკადის მშენებლობას. პროტესტის მონაწილეებს ხეობის სოფელ ნამახვანში კარვები აქვთ გაშლილი. მათი ორგანიზებით, ორჯერ გაიმართა საპროტესტო აქცია ქუთაისის ცენტრში, რომელსაც ათასობით ადამიანი დაესწრო.

მიმდინარე კვირაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მშენებელ კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწიეს და “ნამახვანი ჰესის” კაშხლის სამშენებლო სამუშაოები დროებით, 9-12 თვემდე შეჩერდება.

რას პასუხობს ეკონომიკის მინისტრი EMC-ის კითხვებს

მასალების გადაბეჭდვის წესი