სოფელ გუმათში პოლიციამ დააჯარიმა “ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტები, რომელთაც სოფელ ნამახვანში ჩასვლა კარვებში მყოფ თანამოაზრეებთან შეერთება სურდათ: ამის შესახებ თავად მათ ისაუბრეს “მთის ამბების” ფეისბუქ ლაივში. ამასთან, ადგილიდან პოლიციამ 1 ადამიანი წაიყვანა.
აქტივისტთა განცხადებით, ისინი სოფელ ნამახვანისკენ გადაადგილებას დღის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ სოფელ გუმათში შეაჩერა და არ აუხსნა, რის საფუძველზე არ აძლევდნენ გზის გაგრძელების საშუალებას. აქტივისტების თქმით, გადაადგილების შეზღუდვის ამოქმედების(21:00) შემდეგ ისინი დაჯარიმდნენ.
“რა თქმა უნდა, ოქმების შედგენა მოხდა კანონდარღვევით. ჩვენ არ დაგვირღვევია კომენდანტის საათი. ძალიან მკაფიოდ და გარკვევით გვქონდა შეთანხმებული, რომ ჩვენი დღევანდელი თავშეყრა გუმათთან არ ემსახურებოდა გუმათთან თავშეყრას. ჩვენი საბოლოო ლოკაცია იყო ნამახვანის კარვები და პოლიციამ იცოდა, რომ მივდიოდით ნამახვანის კარვებში ღამის გასათევად.
უკვე კვირებია, ნამახვანის კარვებში მორიგეობით ვიკრიბებით და იქ არ გვიზღუდავენ ჩვენ შეკრების თავისუფლებას, კომენდანტის საათის მიუხედავად. მიუხედავად ამ ყველაფრის ცოდნისა, პოლიციამ შეგვაჩერა გუმათთან. ვერ აგვიხსნეს, რატომ არის გზა გადაკეტილი. ვერ მოგვცეს ვერანაირი საბუთი, რაც მათ აძლევდათ კანონიერ საფუძველს ჩვენი არგატარებისთვის.
… მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ განვუმარტეთ მას[პოლიციას], რომ ჩვენ არ გვქონდა წასასვლელი, გარდა ნამახვანის კარვებისა და ლეჩხუმის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები ჩვენი მეგობრებისა, პოლიციამ გადაწყვიტა, ჩვენთვის, ყველასთვის, გამოეწერა სამართალდარღვევის ოქმები”, — უთხრა აქტივისტმა მირზა ნოზაძემ “მთის ამბებს”.
ის იხსენებს ჰესის მოწინააღმდეგეების მიერ ქუთაისში გამართულ აქციასაც, როცა, ნოზაძის თქმით, დემონსტრანტთა ნაწილმა ღამე ქალაქის ცენტრში გაათია. როგორც ყვება, ამჟამინდელისგან განსხვავებით, მაშინ არ დაუჯარიმებიათ.
“ქუთაისის აქციის დროს არ დაგვაჯარიმეს, თუმცა გუმათში დაგვაჯარიმეს. ჩვენი მოსაზრებით, ისინი მიზნად ისახავენ ჩვენს დაშინებას”, — თქვა მან.
როგორც ადგილზე შეკრებილები ამბობდნენ, მათი ნაწილი “კომენდანტის საათის” ამოქმედების(21:00 საათი) დროს ავტომობილებში იმყოფებოდა, თუმცა პოლიციამ გადმოიყვანა და მაინც დააჯარიმა.
აქტივისტები ამბობენ იმასაც, რომ ადგილიდან პოლიციამ ერთი ადამიანი წაიყვანა და დაპირდნენ, რომ დააბრუნებენ.
დეტალების გასარკვევად “ნეტგაზეთი” შსს-ს დაუკავშირდა. უწყებაში დაჯარიმების პროცესთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა ადასტურებენ ინფორმაციას პოლიციის მიერ ერთი ადამიანის გადაყვანის შესახებ. შსს-ს ცნობით, ის გამოკითხვაზე გადაიყვანეს და პროცესის დასრულების შემდეგ დატოვებს პოლიციას.
რა ხდებოდა რიონის ხეობაში 3 აპრილს
სოფელ ნამახვანში ვითარება 3 აპრილს დაიძაბა. დილის საათებში ადგილზე “ნამახვანჰესის” ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე ჩავიდა, მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შეხვდა და უთხრა, რომ ადგილზე ჰესის წინამოსამზადებელი სამუშაოები უნდა გაგრძელებულიყო.
ადგილზე დილიდანვე პოლიცია იყო მობილიზებული. სამუშაოების მართლაც განახლდა, რაც ადგილობრივებმა გააპროტესტეს. შსს-მ ორი ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა. მათ პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.
შსს-მ დაადასტურა მანამდე აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პოლიციამ რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება შეზღუდა. უწყებამ ეს უსაფრთხოების დაცვით ახსნა.
რაც შეეხება სოფელ ნამახვანში მობილიზებულ სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც პროტესტის ზოგიერთი მონაწილე სიგნალის დამხშობად განიხილავდა: შსს-მ თქვა, რომ ის “რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს”.
რიონის ხეობაში თვეების მანძილზე აპროტესტებენ მდინარეზე ჰესების კასკადის მშენებლობას. პროტესტის მონაწილეებს ხეობის სოფელ ნამახვანში კარვები აქვთ გაშლილი. მათი ორგანიზებით, ორჯერ გაიმართა საპროტესტო აქცია ქუთაისის ცენტრში, რომელსაც ათასობით ადამიანი დაესწრო.
მიმდინარე კვირაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მშენებელ კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწიეს და “ნამახვანი ჰესის” კაშხლის სამშენებლო სამუშაოები დროებით, 9-12 თვემდე შეჩერდება.