ახალი ამბები

ერთ თვეში ფასები ჯამურად 4.2%-ით გაიზარდა

2 აპრილი, 2021 •
ერთ თვეში ფასები ჯამურად 4.2%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 4.2 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციის დონეს, ის 7.2 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა იქონია ფასების ზრდამ ისეთ ქვეჯგუფებში, როგორიცაა: ე.წ. საცხოვრებლისა და კომუნალური გადასახადების ჯგუფი; სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; ჯანდაცვა და ტრანსპორტი.

ფასთა ყველაზე დიდი ზრდა ფიქსირდება საცხოვრებლისა და კომუნალური გადასახადების ჯგუფში და წინა თვესთან შედარებით, შეადგენს 36.1 პროცენტს, რაც 2.97 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. აღნიშნულ ჯგუფში ფასები გაიზარდა წყალმომარაგებასა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურებაზე- 58.0 პროცენტით და ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეებზე – 51.4 პროცენტით.

იანვრისა და თებერვლის თვეებში აღნიშნულ ქვეჯგუფებში ფიქსირდებოდა ფასების გაიაფება. მაშინ ნეტგაზეთს საქსტატში განუცხადეს, რომ აღნიშნულ ჯგუფებში ფასების გაიაფება გამოწვეული იყო სახელმწიფოს მიერ შემოღებული კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამით, რა დროსაც მოქალაქეებს სახელმწიფო უფინანსებდა 200 კუბური ბუნებრივი აირისა და 200 კილოვატი/საათის მოცულობის ელექტოენერგიას. ამ დროს საქსტატში აცხადებდნენ, რომ ინფლაციის დათვლისას მათ მიერ გამოყენებული მეთოდოლოგია ითვალისწინებდა მხოლოდ მომხმარებლის მიერ გადახდილ საფასურს და არ გულისხმობდა სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ მომსახურებას.

მარტის თვეში ქვეყანაში კომუნალური მომსახურებების სუბსიდირების პროგრამა გაუქმდა, რამაც აღნიშნულ ქვეჯგუფში ფასთა გაძვირება გამოიწვია.

სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით/საქსტატი

ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა 5.7 პროცენტით. საცხოვრებელი და კომუნალური გადასახადები – 7.6 პროცენტით, ; ჯანმრთელობის დაცვა – 13.6 პროცენტით; ავეჯი, საოჯახო ნივთები და სახლის მოვლა – 12 პროცენტით; ტრანსპორტი -5.8 პროცენტით, და უალკოჰოლო სასმელებისა და თამბაქო – 8.9 პროცენტით.

საქსტატის ცნობით, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.86 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები ერთი წლის განმავლობაში მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (35.8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.0 პროცენტი), თევზეული (12.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-8.6 პროცენტი) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-12.0 პროცენტი);


საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მიზნობრივი წლიური ინფლაცია 3.0 პროცენტია. მარტის თვის წლიური ინფლაცია დადგენილ მიზანს კი 4.2 პროცენტით აღემატება.

მასალების გადაბეჭდვის წესი