ახალი ამბებისამართალი

“კლანი” და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემა სახდეპის ანგარიშში

31 მარტი, 2021 • 1852
“კლანი” და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემა სახდეპის ანგარიშში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2020 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს 70 გვერდი ეთმობა.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ გამოწვევები მოიცავდა “სერიოზულ პრობლემებს სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ, დაკავებების, გამოძიებების და სისხლისსამართლებრივი დევნის ჩათვლით, რომლებიც ფართოდ მიჩნეულია პოლიტიკურად მოტივირებულად; უკანონო ჩარევას პირად ცხოვრებაში; შეზღუდულ პატივისცემას მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციების უფლებებისადმი; დანაშაულებს, რომლებიც მოიცავდა ძალადობას და მუქარას ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსუალი პირების მიმართ”.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ზოგიერთი ოფიციალური პირის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად, თუმცა დაუსჯელობა რჩება პრობლემად. ამ კონტექსტში აღნიშნულია ანგარიშვალდებულების ნაკლებობა პოლიციის მიერ ჟურნალისტებისა და აქციის მონაწილეების მიმართ შეუსაბამო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით 2019 წლის დემონსტრაციებისას და აზერბაიჯანელი ჯურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების გამოუძიებლობა.

“მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარებასა და აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე დაკავებაში მთავრობის ჩართულობის შესახებ შეშფოთება ამ დრომდე რჩება”, — ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მიმოიხილავს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს, პატარკაციშვილის გარდაცვალების საქმეზე 2018 წელს განახლებული გამოძიებას, “თიბისის ბანკის” და სხვა გახმაურებულ საქმეებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა როგორც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე;

ანგარიშში აღნიშნულია ცნობები დაუსაბუთებელი დაკავებების შესახებ და ამის ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის — ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას — დაკავება. ანგარიშში ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია “კარტოგრაფების საქმეს” პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ, რის თაობაზეც ეჭვებს აძლიერებდა მმართველი პარტიის წევრების მიერ წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადებები. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშავს, რომ საქმის წარმოება დაემთხვა მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის გამწვავება.

სახლმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ “პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გახშირებაზე” და ამ კონტექსტში განიხილავენ “თიბისის ბანკის” დამფუძნებელების, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორისა და “ტვ პირველის” მფლობელის მამის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, ხოლო ოპოზიცია აგრძელებდა მოწოდებას გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით, ახასიათებდა რა მას პოლიტიკურ პატიმრად, რომლის გათავისუფლება გათვალისწინებული იყო 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებით.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ზღუდავს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, ციხეში მოინახულონ პატიმრები, რომლებსაც პოლიტპატიმრებად მოიაზრებენ.

ანგარიშში ყურადღება გაამახვილებულია ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებაზე და ამბობს, რომ ვიდეოჩანაწერი გავრცელდა იმ ვითარებაში, როდესაც პარლამენტში მიმდინარეობდა დებატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზე.

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონმდებლობა კრძალავს წამებას და სასტიკ, არაადამიანურ მოპყრობას, ანგარიშის თანახმად, იყო ცნობები საჯარო მოხელეების მიერ მათი გამოყენების შესახებ, ადამიანის უფლებების დარღვევებზე სამართალდამცავ სისტემაში. სახალხო დამცველი “სისტემურ პრობლემად” აფასებს ასეთი საქმეების გამოუძიებლობას, აღნიშნავს რა, რომ ომბუდსმენის ოფისის მიერ 2013-19 წლებში პროკურატურაში გამოძიების თხოვნა 107 შემთხვევაზე გაიგზავნა, თუმცა “პასუხისმგებელი პირები არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილან”.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ კოალიცია მართლმსაჯულებისთვის და საერთაშორისო საზოგადოება კვლავ გამოთქვამდნენ შეშფოთებას სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობაზე; ხაზს უსვამდნენ სისტემაში გავლენიან მოსამართლეების ჯგუფის არსებობაზე, რაც კრიტიკულ აზრს თრგუნავს და ხელს უშლის  სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ მიმართულ წინადადებებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები გავლენიანი და ანტირეფორმისტი მოსამართლეების ჯგუფს “კლანად” მოიხსენიებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია მოსამართლეთა დანიშვნის პრაქტიკაზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოსამართლეების ერთი სასამართლოდან მეორეში გადაყვანის მრავაწლიანი პრაქტიკა პრობლემად რჩება, რადგანაც გადაადგილების შესახებ გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაუსაბუთებლად იღებს.

“ადმინისტრაციული პალატები განიხილავენ საარჩევნო დავებს. მოსამართლეთა უმრავლესობა, რომლებიც ადმინისტრაციულ კოლეგიებში გადაიყვანეს,  აფილირებული იყვნენ “კლანთან” და თითქმის ყველა მათგანი დაკავშირებული იყო გახმაურებულ საქმეებთან”, – ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოყვანილია არასამთავრობო ორგანიზაციების არგუმენტები საარჩვენო საჩივრების არაეფექტურ განხილვაზე სასამართლოებში. მაგალითად დასახელებულია ბოლნისის სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც სასამართლომ საჭიროდ არ ჩათვალა მარნეულის 65-ე უბნის შედეგების გაბათილება, მუხედავად ვიდეომტკიცებულებისა, რომ ერთმა და იმავე პირმა არაერთგზის მისცა ხმა.

ანგარიშში საუბარია სასამართლო გადაწყვეტილებებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვაზეც. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ პარლამენტმა არ შეასრულა ვალდებულება, დაენერგა საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტი სასამართლოს გადაწყევტილებების გამოქვეყნების თაობაზე.

დასკვნის სახით, სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ “მიუხედავად იმისა, კონსტიტუცია და კანონმდებლობა ითვალისწინებენ დამოუკიდებელ მართლმსაჯულებისას, რჩება სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები. მოსამართლეები იყვნენ მოწყვლადი პოლიტიკური ზეწოლისგან როგორც მართლმსაჯულების სისტემის შიგნით, ისე გარედან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი