ახალი ამბები

დანიელსონის დოკუმენტი კარგ საფუძვლად რჩება პროგრესისთვის — ზურაბიშვილი

31 მარტი, 2021 •
დანიელსონის დოკუმენტი კარგ საფუძვლად რჩება პროგრესისთვის — ზურაბიშვილი

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. ის კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ წინადადებას აფასებს კარგ საფუძვლად შემდგომი პროგრესისთვის.

“ევროკავშირის მედიაციით საქართველოში გამართულმა მოლაპარაკებებმა ჯერ ვერ მიაღწია მოსალოდნელ შედეგს. კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი კარგ საფუძვლად რჩება სამომავლო პროგრესისთვის”, — წერს ზურაბიშვილი “ტვიტერზე”.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის შეხვედრა დღეს, 30 მარტის 17:00 საათიდან მიმდინარეობდა. რამდენიმე საათის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის უშედეგოდ დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ გასაჯაროვდა კრისტიან დანიელსონის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული შეთანხმების პროექტი, რომელიც 5 ნაწილისგან შედგება: პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება; ამბიციური საარჩევნო რეფორმა; კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა; პარლამენტში ძალაუფლების განაწილება; მომავალი არჩევნები.

“ქართულმა ოცნებამ” მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა, ოპოზიციამ კი — ხელისუფლებას.

ხელისუფლება და ოპოზიცია ისევ ვერ შეთანხმდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი