ახალი ამბები

მზად ვართ, დოკუმენტში მოცემული რეფორმები განვახორციელოთ — თალაკვაძე

31 მარტი, 2021 • 884
მზად ვართ, დოკუმენტში მოცემული რეფორმები განვახორციელოთ — თალაკვაძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციამ “ვერ გამოხატა პასუხისმგებლობა”, ხელი მოეწერა კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული შეთანხმების დოკუმენტისთვის. თალაკვაძის თქმით, “ოცნება” მზადაა, დოკუმენტში მოცემული რეფორმების პაკეტზე თავად იმუშაოს პარლამენტში.

“მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ოპოზიცია არ დაეთანხმა. მათ ვერ გამოხატეს მზადყოფნა და პასუხისმგებლობა ამ დოკუმენტის ხელმოსაწერად, რაც სამწუხაროა და რამაც ხელი შეუშალა შეთანხმებასა და პოლიტიკური დიალოგის წარმატებით დასრულებას ახლა.

ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია, ასევე ერთგულია, ემსახუროს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს… მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ დაეთანხმა მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს, ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, ის ფუნდამენტური რეფორმები, რაც მოცემული იყო დოკუმენტში, განვახორციელოთ რაციონალურად, საქართველოს პარლამენტში, ჩვენი პირადი პასუხისმგებლობით”, — თქვა მან.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, შეთანხმების პროექტში რიგგარეშე არჩევნების საკითხის არარსებობა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან 2020 წლის არჩევნების “კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში” ჩატარება დაადასტურეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის შეხვედრა დღეს, 30 მარტის 17:00 საათიდან მიმდინარეობდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ის უშედეგოდ დასრულდა.

მოლაპარაკებების მაგიდასთან პარტიებიდან წარმოდგენილნი იყვნენ: “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, რესპუბლიკური პარტია, “გირჩი”, “ლელო”, “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “მოქალაქეები”.

შეხვედრას არ ესწრებოდნენ “ლეიბორისტული პარტიისა” და “პატრიოტთა ალიანსის” წევრები.

წინა დღით ცნობილი გახდა, რომ კრისტიან დანიელსონს, როგორც მედიატორს, სწორედ 30 მარტის შეხვედრაზე უნდა წარმოედგინა შეთანხმების დოკუმენტის პროექტი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი იმედოვნებდა, რომ პარტიები პასუხისმგებლობას აიღებდნენ და შეთანხმების დოკუმენტს ხელს მოაწერდნენ.

კრისტიან დანიელსონი პარტიებს შორის მედიაციის მიზნით საქართველოს უკვე მეორედ, მას შემდეგ ესტუმრა, რაც მოლაპარაკებების პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ის ქვეყანაში 27 მარტის ღამით ჩამოვიდა. ვიზიტის ბოლო დღედ 30 მარტია განსაზღვრული.

ხელისუფლება და ოპოზიცია ისევ ვერ შეთანხმდნენ

ხელისუფლება და ოპოზიცია ისევ ვერ შეთანხმდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი