ნეტგაზეთი | პროექტის 5 პუნქტიდან 3-ზე ოპოზიცია დათანხმდა შემოთავაზებას — სამადაშვილი პროექტის 5 პუნქტიდან 3-ზე ოპოზიცია დათანხმდა შემოთავაზებას — სამადაშვილი – Netgazeti
RU | GE  

პროექტის 5 პუნქტიდან 3-ზე ოპოზიცია დათანხმდა შემოთავაზებას — სამადაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, კრისტიან დანიელსონის წინადადებაზე შეუთანხმებლობით გამოჩნდა, რომ “ქართული ოცნების” ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა. სამადაშვილის განცხადებით, შეთანხმების პროექტში მოცემული “ხუთი პუნქტიდან სამ საკითხზე ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი დათანხმდა შემოთავაზებას”.

“სამწუხაროდ, ჩვენმა სახელმწიფომ დაკარგა კიდევ ერთი ისტორიული შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმების გზით გაგვეკაფა გზა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ევროკავშირსა და ნატოში…

ძალიან სამწუხაროა, რომ აღმოჩნდა, რომ “ქართული ოცნებისთვის” მთავარი ამოცანა არის ძალაუფლების შენარჩუნება და ამისთვის ისინი აპირებენ, განაგრძონ პოლიტიკური ოპონენტების დევნა, საარჩევნო სისტემის სათავისოდ გამოყენება და ა.შ.”, — თქვა სამადაშვილმა.

მისი განცხადებით, შეთანხმების 5 პუნქტიდან 3-ს ოპოზიცია დაეთანხმა, 2 საკითხზე — “პოლიტპატიმრებისა და არჩევნების თემაზე” — კომპრომისული ვარიანტები წარმოადგინა.

“…მაგალითად, ერთ-ერთი ჩვენი შეთავაზება იყო, რომ პლებისციტზე დასმულიყო განსახილველად საკითხი ახალი კონსტიტუციის მიღებისა და ახალი კონსტიტუციის საფუძველზე ვადამდელი არჩევნების ჩატარებისა. ეს იყო ხედვა, რომელიც მიმართული იყო მომავლისკენ…

რაც შეეხება პოლიტპატომრების თემას: არაერთი შესაძლებლობა შევთავაზეთ ქართულ ოცნებას… ჩვენ მათ შევუქმენით შესაძლებლობა ამ საკითხზე ისეთი შეთანხმებისა, რომელიც მისაღები იქნებოდა ნებისმიერი პოლიტიკური მოთამაშისთვის, რომელსაც რეალურად სურდა შეთანხმების მიღწევა”, — აღნიშნა მან.

სალომე სამადაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიების პოზიცია იყო, რომ შეთანხმების წინადადება უნდა შეხებოდა როგორც ნიკა მელიას, ისე გიორგი რურუას.

“ქართული ოცნება” არ აღმოჩნდა მზად მათ შორის იმ პუნქტებზე ხელმოსაწერად, რომელიც ჩვენი მხრიდან სრულიად მისაღები იქნებოდა, როგორც შეთანხმების ნაწილი”, — დაამატა სამადაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის შეხვედრა დღეს, 30 მარტის 17:00 საათიდან მიმდინარეობდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ის უშედეგოდ დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ გასაჯაროვდა კრისტიან დანიელსონის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული შეთანხმების პროექტი, რომელიც 5 ნაწილისგან შედგება: პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება; ამბიციური საარჩევნო რეფორმა; კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა; პარლამენტში ძალაუფლების განაწილება; მომავალი არჩევნები.

“ქართულმა ოცნებამ” მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა.

დანიელსონის წინადადება პარტიებს: ტექსტი სრულად

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან