ვაშლიჯვარში, ბროწეულის #41-ის მოსახლეობა თბილისის მერის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან გასაუბრებაზე უარს ამბობს და კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვს.
ადგილობრივებმა “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ითხოვენ თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას, მანამდე კი არც მერიის სხვა წარმომადგენლებთან და არც ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ სურთ.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ირაკლი ბენდელიანმა. მისი თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური მზად არის არა მხოლოდ ბროწეულის ქუჩის მოსახლეობასთან გასაუბრებისთვის, არამედ ნებისმიერ მსურველის კითხვებზე პასუხის გასაცემად და სათნამშრომლოდ.
“მოვედით იმიტომ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში არსებობდა მუდმივი კითხვები მოსახლეობის მხრიდან, აინტერესებდათ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, როცა მოვედით, შეხვედრის სურვილი აღარ გამოთქვეს. იმის მავივრად, რომ კიდევ უფრო მეტი დეტალი მიგვეწოდებინა მათ უსაფრთხოებასთან და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, განცდა დამრჩა, რომ მაქსიმალურად ცდილობენ ამ ყველაფრის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პოლიტიკა და მეწყერი ერთმანეთთან კავშირში არ არის”, – განაცხადა ბენდელიანმა ჟურნალისტებთან.
ამასთან, ბენდელიანმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მერია და შესაბამისი სამსახურები ყველა შესაძლო სცენარისთვის არიან მზად. ბენდელიანის განცხადებთ, არსებობს მოსახლეობის ევაკუაციის გეგმაც.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათი ერთადერთი მოტივაცია საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა და ამასთან დაკავშირებით გარკევული გარანტიების მიღებაა. მათი თქმით, ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისგან თავს იმიტომ იკავებენ, რომ არ სურთ, პრობლემას რაიმე სახით პოლიტიკური ელფერი მიეცეს.
თბილისში, ვაშლიჯვრის მეწყერსაშიშ ზონასთან, „ბროწეულას დასახლებაში“, მრავალსართულიან კორპუსში მცხოვრები დევნილები შიშობენ, რომ შესაძლოა, მეწყრის გამო საფრთხე მათაც დაემუქროთ. ამ ამბავზე წაიკითხეთ აქ: