ახალი ამბები

„წასასვლელი არ მაქვს, თორემ წავიდოდი“ — „ბროწეულას“ დევნილები მეწყრის შიშში

24 მარტი, 2021 •
„წასასვლელი არ მაქვს, თორემ წავიდოდი“ — „ბროწეულას“ დევნილები მეწყრის შიშში

თბილისში, ვაშლიჯვრის მეწყერსაშიშ ზონასთან, „ბროწეულას დასახლებაში“, მრავალსართულიან კორპუსში მცხოვრები დევნილები შიშობენ, რომ შესაძლოა, მეწყრის გამო საფრთხე მათაც დაემუქროთ.

მედიის თანახმად, მოსახლეობის მცირე ნაწილმა დატოვა კორპუსი, თუმცა, ადგილობრივების თქმით, იქ ამ დრომდე რჩება 200-ზე მეტი ოჯახი.

„ნეტგაზეთთან“ საუბარში რამდენიმე მათგანი ამბობს, რომ „გამუდმებით შიშის ქვეშ“ არიან და ხელისუფლებისგან ითხოვენ, დაარწმუნონ, რომ საფრთხე არ ემუქრებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შესაბამისი ზომები მიიღონ.

„გვითხრან რამე“

„მართლა შიშის ქვეშ ვართ. მე წნევიანი ქალი ვარ, ღამით ისედაც არ მძინავს და დილის საათებში უფრო მეძინება ხოლმე. ახლა, ეს ამბავი რაც გავიგეთ, დილაობით მეზობლებთან ჩამოვიდვარ, რომ, — ჯვარი აქაურობას, — რამე არ მოხდეს და მთლად ძილ-ბურანში არ გავყვე აქედან… შვილიშვილები ვერ მომიყვანია“.

ეს სიტყვები 24 მარტს უთხრა „ნეტგაზეთის“ რეპორტიორს ბროწეულის ქუჩის #41-ში მდებარე კორპუსის ერთ-ერთმა ხანდაზმულმა მცხოვრებმა, რომელმაც ვინაობის საჯაროდ დასახელება არ ისურვა.

„ვითხოვთ, რომ, — ღმერთმა ყველაფერი კარგად ამყოფოს, მაგრამ, — ერთი ნორმალური ხელისუფალი, რომელიც ამ გზას და რეაბილიტაციას ხელმძღვანელობდა, მოვიდეს და გვითხრას, მე ვხელმძღვანელობდი ამ ყველაფერს და აგერ, ბეჭედდარტყმული ცნობა მაქვს, რომ არ არის საშიშროებაო. ეს არის და ეს“, — ამბობს იგი.

„ენაცვალოთ ჩემი თავი, იმათ ხელშია ჩვენი სიცოცხლე. უბრალოდ გვითხრან, დაწყნარდითო. ვალერიანის წვეთებია მაგათთვის ჩვენი სიტყვა. უყურადღებოდ არ ვართ, მაგრამ ვინც მოდიან, ეგენი ამას ვერ გვეუბნებიან…“

მეწყერი ვშლიჯვარში

მოსახლეობის შიშებს იწვევს თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე გაჩენილი მეწყერი, — ფერდობზე დიდი ზომისა და სიღრმის ბზარებია გაჩენილი.

წინასწარი შეფასებით, საუბარია ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასის მიწაზე, თუმცა ამ დროისთვის შეუძლებელია თქმა, რას გაანადგურებს ეს მასა.

თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან აშენებს ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელ ახალ გზას. 2020 წლის 16 მარტიდან კი ზვავის საშიშროების გამო მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.

2021 წლის 23 მარტს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა განაცხადეს, რომ მეწყრული სხეული, ყოველ დღე, დაახლოებით 5 სანტიმეტრით მოძრაობს.

მათ თანახმად, უკანასკნელ 4-5 დღეში ცვლილება დაახლოებით 20-25 სანტიმეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაპრალის სიგანე 20-25 სანტიმეტრით გაიზარდა.

დედამიწის შემსწავლელი ცენტრის მეცნიერები აცხადებენ, რომ „უარესი სცენარისთვის უნდა მოვემზადოთ“…

კორპუსი „ბროწეულის დასახლებაში“

ბოლო დღეებში, ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მოსახლეობაში კითხვის ნიშნები გაჩნდა. 23 მარტს ბროწეულის ქუჩაზე მცხოვრებმა ადამიანებმა, ძირითადად, დევნილებმა,  აქციაც გამართეს.

„ვითხოვთ ევაკუაციის გეგმას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გზას გადავკეტავთ“, – პირველი არხის თანახმად, განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ, ეკატერინე ჯგერენაიამ.

ეს კორპუსი მარშალ გელოვანის გამზირსა და გაჩენილ ნაპრალს შორის მოქცეულ 1.5 კმ-იან ტერიტორიაზე მდებარეობს. მისკენ მისასვლელ გზაზე კერძო სახლებია აშენებული.

კორპუსის უკან, ფერდობზე, რამდენიმე მცირე ზომის სახლი დგას. კორპუსში ძირითადად აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ,  როგორც ამბობენ, 220-ზე მეტი ოჯახი.

მრავალსართულიანი კორპუსი, ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ, 1980-იან წლებშია აშენებული და, მართალია, სიმყარის პრობლემა შეიძლება არ ჰქონდეს, თუმცა მხოლოდ ერთი გასასვლელი აქვს.

შენობაში ფუნქციონირებს ლიფტი, რომელიც შეფერხებით მუშაობს, ხოლო ფეხით გასასვლელი მხოლოდ ერთი ძირითადი კიბეა. მისი სიგანე დაახლობით 1მ-ია.

ერთადერთი გასასვლელი კიბე აღნიშნულ კორპუსში. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

„თქვენც ხომ ხედავთ, რამხელა კორპუსია? და ერთი გასასვლელია მხოლოდ. აქ 222 ოჯახზე მეტი ვცხოვრობთ. ეს ერთი დიდი სოფელია, რომ უყურებ. ახლა, ერთ ღამეს რომ ეს მიწა აქეთ დაიძრას, რას მოასწრებ გაქცევას? თან მოხუცებიც ვართ“, — უთხრა „ნეტგაზეთს“ ანზორ უბილავამ, რომელიც წლებია, იქ ცხოვრობს.

„მეც წავიდოდი, წასასვლელი რომ მქონდეს“

კორპუსის კიდევ ერთი მცხოვრებელი, ინჟინერი ზურაბ ყოლბაია ამბობს, რომ ფერდობზე ბრაზები თვითონაც დაათვალიერა. მისი დაკვირვებით, — და რაც ტელევიზიით მოისმინა, — ამ წუთას საფრთხე შეიძლება არ ემუქრობოდეთ, თუმცა მაინც შიშობს:

„ეგ ბზარი ვერტიკალურადაა გაჩენილი და იქითა მხარე უჭირავს. მაგრამ თან მშენებლობა რომ მიდის, ბუნებაა, სტიქიაა, ხომ შეიძლება, ბზარი ჰორიზონტალურადაც გაჩნდეს და ჩვენი მხარეც რისკის ქვეშ იყოს“?

„მე რომ ვლაპარაკობ ახლა ამას, იქნებ არა ვარ სწორი? ამიტომ გვინდა, რომ მოვიდეს ვინმე, სპეციალისტი, მითხრას, არა, ზურაბ, ეგრე არ არისო და მას დაუჯერებს ხალხი, რადგან მან იცის საკითხი. აი, ეგეთი ადამიანი უნდა მოვიდეს, თორემ [მაჟორიტარი დავით] სერგეენკო არის ექიმი და ეს საქმე რა იცის.. პოლიტიკა ჩვენ არ გვაინტერესებს. და საშიში როგორ არ არის?” — ამბობს იგი.

„მე რომ მქონდეს წასასვლელი, მეც გავიყვანდი ჩემს ოჯახს, სანამ არ ჩამოყალიბდებიან, რომ აქ არაა საფრთხე. ასეთ სიტუაციაში, ალბათ, ისიც შეიძლებოდა, გაგეხიზნა ეს მოსახლეობა, სანამ რამე არ დაზუსტდება, მაგრამ“.., — ამბობს ზურაბ ყოლბაია.

„პანიკის საფუძველი არ არსებობს“ – კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ 24 მარტს ბრიფინგზე მოსახლეობა დაამშვიდა და განაცხადა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სიტუაციას ვაკონტროლებთ, ვაკვირდებით ყოველდღიურად მიმდინარე მოვლენებს. მოსახლეობას არანაირი პანიკის საფუძველი არ აქვს, თუ რაიმე ისეთი თემა იქნება, პირველი ჩვენ ვიქნებით, ვინც სრულყოფილ ინფორმაციას მივაწვდით“, — განაცხადა მან.

გერმანელი ექსპეტები ვაშლიჯვირს მეწყერის მიმდებარე ტერიტორიაზე. 22 მარტი 2021 წელი. ფოტო: თბილისის მერია

ამასთან, კალაძემ თქვა, რომ გერმანელი ექსპერტების მუშაობის შედეგად, კვირის ბოლოსკენ „უფრო მეტად დაკონკრეტდება მისაღები ზომები“, როცა სამუშაო ჯგუფის კვლევის პირველადი მონაცემები შეგროვდება.

მერმა ასევე განაცხადა, რომ არსებობენ დაინტერესებული ჯგუფები და ექსპერტები, ვინც ქალაქში მსგავს ტერიტორიებს სწავლობენ და ბევრი ინფორმაცია აქვთ, ამიტომ თავის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დაავალა, ეს ადამიანები ჩართოს სამუშაო ჯგუფში: „ერთობლივი ძალებით, რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ კონკრეტული პრობლემა“.

ამ თემაზე გირჩევთ:

“ყოველდღიურად 5 სმ-თი გადაადგილდება“ | მეწყერი ვაშლიჯვარში

მასალების გადაბეჭდვის წესი