ახალი ამბები

მედიატორებს ბრიუსელიდან წარმომადგენელი დაემატა

29 მარტი, 2021 •
მედიატორებს ბრიუსელიდან წარმომადგენელი დაემატა

პოლიტიკურ პარტიებს შორის ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩაერთო ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის უფროსი რიჩარდ ტიბელსი.

EEAS ევროკავშირის დიპლომატიურ სამსახურს წარმოადგენს და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს. რიჩარდ ტიბელსი სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა EEAS-ში და ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა გენერალური დირექტორატში, ძირითადად, ევროკავშირის აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

კარლ ჰარცელი, კრისტიან დანიელსონი, კელი დეგნანი და მაგდალენა გრონო

ევროკავშირის მხრიდან მოლაპარაკებებში, ასევე, მონაწილეობს მაგდალენა გრონო, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის კაბინეტის წევრი, მრჩეველი დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, რუსეთის, თურქეთის, ცენტრალური აზიის, ეუთოს და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ქვეყნებთან ურთიერთობების საკითხებზე.

მაგდალენა გრონო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის შუამავლობით მიმდინარე შეხვედრებში თავიდანვე მონაწილეობდა, რიჩარდ ტიბელსი კი მედიაციაში 29 მარტიდან ჩაერთო საქართველოში კრისტიან დანიელსონის მეორე მისიის ფარგლებში.

საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრებს, ასევე, ესწრებიან ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები საქართველოში, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პარტიებს შორის მედიაციის მიზნით საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობს. როგორც დანიელსონმა განაცხადა, ის საქართველოში სამი დღით,  30 მარტამდე დარჩება.

რას გულისხმობს ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე ფორმატი, ნახეთ ბმულზე:

ბრიუსელში ღარიბაშვილსა და მიშელს შორის შეხვედრა იმართება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი