“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო” (TI) ნიკა გვარამიას მიმართ არსებული ბრალდების შეფასებას აქვეყნებს, რომელიც “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორობისას მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდება.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, ასევე საქართველოს კანონმდებლობის, სასამართლო პრაქტიკის, იურიდიული დოქტრინისა და საქმეში არსებული ფაქტების მხედველობაში მიღებით, ორგანიზაცია აცხადებს, რომ არ დასტურდება ნიკა გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტი.
გარდა ამისა, TI აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდება ვერ პასუხობს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ფულის გათეთრების დანაშაულის ნიშნებსა და მის კონვენციურ შინაარსს.
“ნიკა გვარამიასათვის წარდგენილი ბრალდებების უმეტესობა მის მიერ 2015 წელს მიღებულ მენეჯერულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე, დირექტორის მიერ რისკების გაწევა და კონკრეტული მენეჯერული გადაწყვეტილების მიღება არათუ სისხლისსამართლებრივი, არამედ სამეწარმეო სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველიც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა გახდეს.
კომპანიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, დირექტორს უფლება აქვს მიიღოს სარისკო გადაწყვეტილებები. მას არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი გადაწყვეტილება წარმატებული ან საწარმოსათვის მოგების მომტანი არ აღმოჩნდა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ორგანიზაციის განცხადებით, სასამართლო არ არის ის ორგანო, რომელსაც შესწევს სამეწარმეო გადაწყვეტილების გონივრულობის შეფასების უნარი. TI აღნიშნავს, რომ აღნიშნულის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მოსამართლეს უწევს დირექტორის გადაწყვეტილების პოსტ ფაქტუმ, დამდგარი შედეგის მიხედვით შეფასება.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ გარდა ამისა, იმ პირობებში, როდესაც მოსამართლეს არ აქვს ბიზნესის გაძღოლა-წარმოების გამოცდილება და კონკრეტული ბიზნესაქტივობის სპეციფიკური ცოდნა, დირექტორის გადაწყვეტილების გონივრულობის რეტროსპექტული შეფასება რთული ამოცანაა:
“ამდენად, გადაწყვეტილება ფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად იყო ის კეთილსინდისიერი, გულისხმიერი და რაციონალური პროცესის შედეგი. ბიზნესგადაწყვეტილების მართებულობისა და მიზანშეწონილობის შეფასება კი სასამართლოს კონტროლს გარეთ ექცევა” ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.
ორგანიზაციის განცხადებით, კორპორაციული მართვის პროცესში დირექტორისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება იმ მოტივით, რომ მისმა გადაწყვეტილებამ საწარმოს წინა წლის მსგავსი შემოსავალი არ მოუტანა, ეწინააღმდეგება ბიზნესგადაწყვეტილების მართებულობის პრეზუმფციას.
TI-ის თქმით, დირექტორის გადაწყვეტილებამ შესაძლოა, საწარმოს მოგება არ მოუტანოს, თუმცა გამართლებული იყოს საწარმოს ეფექტიანად ფუნქციონირების გაგრძელებისათვის. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დირექტორი ვალდებულია, გადაწყვეტილების მიღებისას ჰქონდეს სრული ინფორმაცია და მისი კრიტიკული თვალით შეფასებისა და განსჯის შესაძლებლობა:
“იმ შემთხვევაში, თუ დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს სამეწარმეო განსჯის წესის სუბიექტურ და ობიექტურ კრიტერიუმებს, დირექტორისათვის პერსონალური პასუხისმგებლობის დაკისრება გაუმართლებელია. ასეთ დროს, დირექტორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ მაშინ შეიძლება დაისვას, თუ მის მიერ განხორციელებული ქმედებები თავისთავად არის დანაშაული”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ამასთან, ორგანიზაცია აცხადებს, რომ იმ პირობებში, როცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით ნიკა გვარამიას მიერ 2015 წლის პერიოდში ფიდუციური ვალდებულების დარღვევის ფაქტი არ დასტურდება, გამოირიცხება კომპანიის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვის ობიექტური შემადგენლობა.
გარდა ამისა, TI აღნიშნავს, რომ ქმედების სსკ-ის 182-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია განზრახვის ინტელექტუალური და ვოლუნტატური ელემენტების არსებობა:
“ისეთ მოცემულობაში, როდესაც ნიკა გვარამიას მიერ 2015 წლის პერიოდში ფიდუციური ვალდებულების დარღვევის ფაქტი არ დგინდება, კომერციული მოსყიდვის ქმედების შემადგენლობის ნიშნები იმთავითვე გამოირიცხება. აღნიშნული მუხლის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია, რომ დირექტორი თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით მოქმედებდეს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
TI აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას ბრალდებასთან დაკავშირებული გარემოებების ჯეროვანი შეფასება მნიშვნელოვანია როგორც პირთა უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის, აგრეთვე სასამართლო პრაქტიკის შემდგომ განვითარებისათვის, რის გამოც, ორგანიზაცია იმედს იტოვებს, რომ სასამართლო კანონიერ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ვრცლად საქმის სამართლებრივ შეფასებას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.