ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლომ TV პირველთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს განჩინება უცვლელი დატოვა

18 მარტი, 2021 •
სააპელაციო სასამართლომ TV პირველთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს განჩინება უცვლელი დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ, TV პირველთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედების (ამოღების) ჩატარებაზე ნებართვის გაცემის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება უცვლელი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სააპელაციო სასამართლო ავრცელებს.

სასამართლოს განმარტებით, ეროვნული კანონმდებლობა სრულყოფილად არეგულირებს და იცავს გამოხატვის თავისუფლებას და როდესაც საკითხი შეეხება ჟურნალისტის პროფესიული დაცვის სტანდარტს, დაცული უნდა იქნეს შესაბამისი ბალანსი.

“დანაშაულის პრევენციისა და გამოძიების პროცესში სახელმწიფოს ინტერესების განხორციელების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლების ერთობლიობაში მხედველობაში მიღებით,გამოხატვის თავისუფლების დაცვითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის გათვალისწინებით.

აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ჟურნალისტს პროფესიული საიდუმლოების დაცვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, არ ეკისრება ვალდებულება პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გადასცეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი ან დაიკითხოს მოწმედ თუ იგი ისარგებლებს ამ უფლებით, მაგრამ ეს არ ზღუდავს მას ნებაყოფლობით, სურვილის შემთხვევაში გამოძიებას მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია.

სისხლის სამართლის პროცესში მოწმედ მონაწილეობის ვალდებულებისაგან და პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამონაკლისის დაშვებით, სახელმწიფომ ინტერესთა კოლიზიის ცალკეულ შემთხვევებში მართლმსაჯულებისა და გამოძიების ინტერესზე მაღლა დააყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლში მითითებული პირების კანონიერი ინტერესი. შესაბამისად, დაცული უნდა იქნეს გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ამ შემთხვევაში მოიცავს ჟურნალისტის უფლებას არ გაამჟღავნოს ინფორმაციის წყარო და საკითხის გადაწყვეტისას შესაბამისმა პირებმა უნდა იხელმძღვანელონ პროპორციულობის პრინციპითა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების როლით დემოკრატიულ საზოგადოებაში“, – აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.


თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურას ტელეკომპანიიდან მასალების ამოღების უფლება მას შემდეგ მისცა, რაც TV პირველზე ფარული აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ჟურნალისტების განცხადებით, განჩინების მიხედვით, პროკურატურამ არა ის აუდიოჩანაწერები მოითხოვა, სადაც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბარია ასახული, არამედ მოითხოვა კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი