„ავერსის“ კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის უფროსს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა ითხოვდა, დაცვის მხარე კი დაკავებულის გირაოს საფუძველზე გათავისუფლებაზე შუამდგომლობდა. თუმცა, მოსამართლე დავით კრუტანიძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუდარდა.
სამი პატიმრარი „ავერსის“ კლინიკიდან 1 ნოემბერს გაიქცა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, საბადრაგო ჯგუფის უფროსმა არ შეასრულა ბადრაგირების დადგენილი წესი, მსჯავრდებულები დატოვა მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე და სათანადოდ არ ჩაკეტა სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარები, რითაც ისარგებლა სამმა მსჯავრდებულმა, რომლებმაც ღია კარებიდან დაუბრკოლებლად დატოვეს სატრანსპორტო საშუალება და მიიმალნენ.
გაქცეული პატიმრები მეორე დღეს, 2 ნოემბერს დააკავეს. ბადრაგს კი ბრალი 3 ნოემბერს წაუყენეს. მას ბრალდების მხარე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხის პირველი ნაწილით ედავება, რაც გულისხმობს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დაუდევარი დამოკიდებულების გამო დარღვევას, რამაც პატიმრის გაქცევა გამოიწვია.