ახალი ამბები

“ტვ პირველი” და “ფორმულა” ფარცხალაძის დაცვის მხრიდან თავდასხმაზე იუწყებიან — დაიწყო გამოძიება

20 სექტემბერი, 2023 •
“ტვ პირველი” და “ფორმულა” ფარცხალაძის დაცვის მხრიდან თავდასხმაზე იუწყებიან — დაიწყო გამოძიება

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო “ფორმულასა” და “ტვ პირველის” განცხადებების შემდეგ, რომელთა თანახმადაც, ოთარ ფარცხალაძის დაცვის წევრები ხსენებული ტელეკომპანიების ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.

“[გამოძიება დაწყებულია] პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით”, – უთხრეს უწყებაში “ნეტგაზეთს”.

“ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ცნობით, “ოთარ ფარცხალაძის დაცვა თავს დაესხა შაბათის ეთერის გადამღებ ჯგუფს და წაართვა სამაუწყებლო აპარატურა”. დაახლ. 21:00 საათზე მელაძე “ფეისბუკზე” წერდა, რომ დაცვა ჟურნალისტებს აპარატურას “ამ დრომდე არ უბრუნებს”.

“შაბათის ეთერის აეროგადაღების კამერის დანახვის შემდეგ, ისინი თავდასხმაზე გადავიდნენ, წაართვეს ტელეფონი ჩვენს ჟურნალისტს, მარიამ გაფრინდაშვილს. სავარაუდოდ, ცდილობდნენ მობილურიდან მისი პირადი ინფორმაციის და ტელეფონში შენახული კადრების მოპოვებას”, — დასძენს მელაძე.

ყოფილი გენერალური პროკურორის დაცვის მხრიდან თავდასხმაზე ტელეკომპანია “ფორმულაც” იუწყება. ტელეარხის თანახმად, ჟურნალისტები ფარცხალაძის სახლთან მივიდნენ იმ ინფორმაციის გადასამოწმებლად, რომლის თანახმადაც აშშ-ის მიერ სანქცირებული ფარცხალაძე საქართველოშია.

“ფორმულას” ჟურნალისტის, მარიამ რიგვავას ცნობით, მას შუბლის არეში დაზიანება მიაყენეს.

“ვმუშაობდით რეპორტაჟზე,რომელიც შაბათს უნდა გავიდეს “ფორმულას” ეთერში. ვცდილობდით, ოთარ ფარცხალაძის დაცვისთვის დაგვესვა კითხვები, იმყოფებოდა თუ არა აქ ოთარ ფარცხალაძე… მხოლოდ ეს კითხვა გვქონდა.

ამან გამოიწვია დაცვის წევრების გაღიზიანება. პირველ რიგში, ოპერატორზე მოხდა ძალადობა. მინდოდა, დამეცვა ჩვენი ოპერატორი და ტექნიკა, რა დროსაც შუბლის არეში მომაყენეს დაზიანება”, — დასძენს რიგვავა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს როგორც სახალხო დამცველმა, ისე “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ”.

“საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ტელეკომპანიების „პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებზე თავდასხმას და მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მოახდინოს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატაროს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, აღნიშნულ ფაქტებზე მოხდეს მყისიერი რეაგირება და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა არ გახდეს წახალისებული. საქართველოს სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში შეისწავლის მომხდარ ფაქტს”, — ამბობს ომბუდსმენი.

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, “დაუყოვნებლივ მისცენ პასუხისგებაში TV პირველისა და ფორმულას გადამღებ ჯგუფებზე თავდამსხმელები”.

“ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია. ასევე, თავდასხმები გამოწვეულია მმართველი პარტიის წარმომდგენლების აგრესიული რიტორიკით ჟურნალისტების მიმართ”, — ნათქვამია განცხადებაში.

გარეკანზე: ფოტოასლები “ტვ პირველის” ვიდეოდან

მასალების გადაბეჭდვის წესი