ახალი ამბები

აუცილებელია, ქვეყნის პირველმა პირებმა გაიკეთონ ვაქცინა – კულუმბეგოვი

16 მარტი, 2021 •
აუცილებელია, ქვეყნის პირველმა პირებმა გაიკეთონ ვაქცინა – კულუმბეგოვი

ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ საქართველოში ვაქცინის მიმართ ნდობის გასაზრდელად აუცილებელია ქვეყნის პირველი პირების აცრაც. ამის შესახებ კულუმბეგოვმა “TV პირველთან” განაცხადა.

“აუცილებელია, რომ [ქვეყნის] პირველმა პირებმა გაიკეთონ ეს ვაქცინა. მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობას ჩვენი მინისტრებისთვის ემეტებათ 20-30 დოზა. არ იქნება ეს დანაკლისი ვაქცინაციის პროგრამისთვის, პირიქით, მას ექნება იმხელა ძალა, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან წინ წაწევს ამ პროცესებში ამიტომ ყველას ვთხოვ, რომ დროულად მიიღონ რაციონალური გადაწყვეტილება”, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

საქართველოში ვაქცინაცია გუშინ, 15 მარტს მედპერსონალის აცრით დაიწყო. სხვა მედპერსონალთან ერთად “ასტრაზენეკას” ვაქცინა გაიკეთეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ და ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლებმა – მარინა ეზუგბაიამ და მარინა ენდელაძემ.

აცრა არ გაუკეთებია ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს. როგორც ტიკარაძემ “იმედის კვირას” განუცხადა, ის აიცრება მაშინ, როდესაც ვაქცინაციის პროგრამით მოუწევს. თუმცა არ გამორიცხავს, ვაქცინისადმი მოქალაქეების ნდობის ასამაღლებლად ეს დროზე ადრე გააკეთოს.

ამავე თემაზე

Booking.moh.gov.ge: ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის ონლაინ პორტალი ამოქმედდა

მასალების გადაბეჭდვის წესი